შეგვიძლია გავიხსენოთ დრო, როცა Nokia 808-ს ან თუნდაც Lumia 1020-ს მაღალი გაფართოების მქონე კამერის მატრიცის გამო სკეპტიკურად უყურებდნენ. თუმცა მრავალი წლის შემდეგაც ისინი შესანიშნავ სურათებს იღებენ და თანამედროვე ფლაგმანებს დიდად არ ჩამოუვარდებიან. როცა A-კლასის ბრენდების სმარტფონებში ჩვენ 12-18 მპ-იანი სტანდარტული კამერები გვხვდება, ყოველი მეორე ჩინური მწარმოებელი საკუთარ სმარტფონებში 48 მპ-იან კამერებს ტენის, რითაც აბრუნებს დროს, როცა მწარმოებლები პროცესორის ბირთვების ნაცვლად ერთმანეთს მეგაპიქსელებში ეჯიბრებოდნენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ Samsung-მა 64 მპ-იანი კამერის სენსორი წარმოადგინა. ოდნავ მოგვიანებით კი Xiaomi-მ Samsung-ის ISOCELL სენსორის გამოყენებით ახალი, 108 მპ-იანი სმარტფონის გამოშვება დააანონსა. აღნიშნული „მონსტრით“ 12 032 x 9 024 გაფართოების მქონე სურათის გადაღება იქნება შესაძლებელი.