ინფორმაცია Windows Core OS-ის შესახებ ქსელში უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდება. ჭორების თანახმად Microsoft-ის ახალი ოპერაციული სისტემა ორი ეკრანის მქონე მობილურ მოწყობილობებზეა გათვლილი, რაც კომპანიის ოფიციალური დოკუმენტაციიდანაც დასტურდება. დღეს კი აღნიშნული სისტემა უკვე Geekbench-ზეც შეამჩნიეს.
ბოლო ჭორების თანახმად Windows Core OS წარმოადგენს ოპერაციულ სისტემას, რომელიც ორეკრანიან და სხვა, არასტანდარტული ფორმ-ფაქტორის მოწყობილობებზე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობის გამოჩენას ტექნოლოგიური სამყარო 2 ოქტომბერს, Microsoft-ის მიერ ნიუ-იორკში დაგეგმილ ღონისძიებაზე ელოდება. გავრცელებული ვერსიის თანახმად Windows Core OS იქნება Windows 10-ზე დაფუძნებული მოდულებისგან შემდგარი ოპერაციული სისტემა ადაპტირებული გარსით, რომელიც გარდაქმნის ინტერფეისს ნებისმიერი ზომის ეკრანზე, იქნება ეს საკეცი ჯიბის კომპიუტერი, Surface Hub თუ ჭკვიანი საათი.
დღეს Geekbench-ის მე-5 ვერსიაში დაფიქსირდა ვირტუალური მანქანა, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები Windows Core OS-ის 64-ბიტიან ვერსიაზე მუშაობდა. სისტემის შეფასება დაბალია, რაც ოპერაციული სისტემის ემულაციის პირობებში გაშვებით აიხსნება.
Windows Core OS შესაძლოა ოქტომბრის ღონისძიებაზე ვიხილოთ
Microsoft-ი უცნობი Windows Core OS-ის არსებობასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანია ახალ ოპერაციულ სისტემას 2 ოქტომბერს, Surface მოწყობილობებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოგვიდგენს.
ვარაუდობენ, რომ Windows Core OS-თან ერთად კომპანია ორეკრანიან Surface მოწყობილობას და Windows-ის შედარებით მსუბუქ, Lite ვერსიასაც წარმოადგენს.
2 ოქტომბრის პრეზენტაციის ყურება შეგიძლიათ Microsoft-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ტრადიციულად, MSinfo-სთან ერთად ამ საინტერესო პრეზენტაციის დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. თბილისში ღონისძიების ჩატარების დეტალები უკვე ცნობილია.
ლოკაცია— ტექნოპარკი, ინოვაციების ქ.7.
შეკრების დრო: 17:00