მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თანამედროვე ადამიანები უძველესი ვირუსების მატარებლები დღემდე არიან.
ეიდან ბერნმა და მისმა კოლეგებმა ტაფტსის უნივერსიტეტიდან ადამიანის გენომი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ენდოგენური რეტროვირუსები (HERV) ჯამურად ადამიანის გენომის 8%-ს შეადგენენ. აღნიშნული ვირუსები, მრავალი მილიონი წლის წინ ანდერძად პრიმატთა წინაპრებმა გადმოგვცეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ ინფექციის ჩვენს გენში ინტეგრაცია, ვირუსის გამრავლების მეთოდთანაა დაკავშირებული.
კვლევიდან ვიგებთ, რომ HERV, აივის მსგავსად მოქმედებდა — იგი საკუთარ გენეტიკურ მასალას მასპინძელი სხეულის გენომში აინტეგრირებდა, რაც რეპლიკაციის (გამრავლების) პროცესს ამარტივებდა. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ვირუსები შთამომავლობას არ გადაეცემა, თუმცა მილიონობით წლის წინ, გარკვეულმა სახეობებმა ეს მაინც მოახერხეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ უძველეს ვირუსებს ჩვენზე მოქმედება დღესაც შეუძლიათ.
უფრო ადრეულ კვლევაში კი გაირკვა, რომ HERV-ის გენები მრავალი პანდემიის ხანგრძლივ ისტორიასაც ინახავენ — ეს ის გზაა, რომელიც კაცობრიობის წინაპრებმა ჩვენამდე გამოიარეს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მსგავსი გენომი შიმპანზეების, გორილებისა და სხვა პრიმატების დნმ-შიც იკითხება. აღსანიშნავია, რომ HERV აქტიურდება დაზიანებულ ქსოვილებში, მაგალითად — სიმსივნის კერაში.
კვლევის დროს, ბერნი, კოლეგებთან ერთად ამ რეტროვირუსის ერთ-ერთი ჯგუფის — HERV – HML-2-ის შესწავლას ჩაუღრმავდა. იგი ერთ-ერთი ბოლო აქტიური რეტროვირუსია, რომლის ასაკიც 5 მილიონ წელს ითვლის. სულ გამოკვლეულ იქნა 14 000 დონორის დნმ-ის ნიმუში მთელი მსოფლიოდან. შედეგად, აღმოჩენილია HML-2-ის 40-მდე პროვირუსი, რომლებიც ისევ აქტიურები იყვნენ. ამასთანავე, თითოეულ ნიმუშში აღმოჩენილია მინიმუმ 1 პროვირუსი, რომელსაც დღესაც შეუძლია ვირუსული ცილის წარმოება.
მკვლევრებს, მიღებული შედეგების საფუძვლიანი ანალიზი დასჭირდებათ, ვინაიდან ახლაც კი გასაგებია, რომ ახალ აღმოჩენას, სიმსივნის და სხვა დაავადებების მკურნალობის მეთოდების შეცვლა შეუძლია.