USB Implementers Forum (USB-IF)-მა, ორგანიზაციამ, რომელიც Universal Series Bus-ის სტანდარტების განვითარებაზე მუშაობს, USB4-ის სპეციფიკაციების შემუშავების დასრულების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ სტანდარტზე მუშაობა მარტში დაიწყო. ვენდორებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა ოფიციალური საიტიდან უკვე შეუძლიათ.
USB4 ეფუძნება Thunderbolt 3-ის სტანდარტს, რის შედეგადაც მონაცემების გადაცემის სიჩქარე 40 გბიტ/წმ-ს აღწევს. ამგვარად USB 3.2-თან შედარებით გადაცემის სიჩქარე USB4-ში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ინტერფეისის ახალი ვერსია მონაცემების გადაცემისა და დისპლეითან კავშირის რამდენიმე პროტოკოლს გამოიყენებს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს გამტარუნარიანობის გამოყენება. ამასთან ერთად USB4 მიმდინარე USB 3.2, USB 3.0 და Thunderbolt 3 სტანრატებთან თავსებადობას ინარჩუნებს.
USB4-ის სპეციფიკაციების შემუშავების დასრულება ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან მწარმოებლებს ახალი მოწყობილობების შექმნისას აღნიშნული ახალი სტანდარტის გამოყენება შეუძლიათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით USB-IF სიეტლსა და ტაიბეიში USB Developer Days ღონისძიებას გამართავს. სტანდარტის ახალი ვერსიის დეტალური სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაციის მიღება ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.