სულ ცოტა ხნის წინ Microsoft-მა Surface მოწყობილობებისთვის მიძღვნილი ღონისძიება დააანონსა, რომელიც 2 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. სხვა სიახლეებთან და ჯერ უცნობ მოწყობილობასთან ერთად კომპანია პრეზენტაციის ფარგლებში Surface Pro 7-საც წარმოადგენს, რომელიც წინამორბედთან შედარებით რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მიიღებს.
Snapdragon 8cx-ზე მომუშავე Surface Pro 7
აქამდე გავრცელებული შესაძლო სიახლეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: განახლებული, მე-10 თაობის Intel-ის ჩიპსეტი, USB Type-C, თუმცა პორტი წარმოდგენილი იქნება გარდამავალ ვარიანტში, Surface Connect-ის სახით. ასევე გარკვეულ განახლებას მიიღებს პლანშეტის კლავიატურა— Type Cover.
ამ დროს გერმანელი კოლეგების ცნობით Microsoft-ის ახალი Surface Pro 7-ს ერთ-ერთი ვერსია Snapdragon 8cx-ს ჩიპსეტზე იმუშავებს. აღნიშნულ პროცესორს Windows 10 ARM-თან კარგი თავსებადობა ექნება, რაც სისტემის წარმადობასა და სწრაფქმედებაზე კარგად აისახება.
Qualcomm-ის ჩიპსეტით Pro 7 შესაძლოა ენერგოეფექტურ პლანშეტად იქცეს, რაც Apple iPad Pro-ს სერიოზულ კონკურენციას შეუქმნის. გარდა ამისა პლანშეტს 5G ქსელის მხარდაჭერაც ექნება. 2 ოქტომბრის ანონსიდან Pro 7 გაყიდვაში რამდენიმე კვირაში ჩაეშვება. მაშ ასე მეგობრებო, სულ ცოტაც და მალე გავიგებთ ამჯერად რას გვიმზადებს Microsoft-ის გუნდი.