22 სექტემბერს, მაიკროსოფტმა Surface ხაზის ახალი მოწყობილობები წარადგინა. Surface Laptop Studio სარფეის ოჯახის ახალი სახეა, რომელსაც ტაბლეტად გადაქცევა ეკრანის ჩარჩოდან გამოზიდვით შეუძლია, სხვანაირად ამას მაიკროსოფტი სტუდიის რეჟიმს უწოდებს.
Surface Laptop Studio არის ყველაზე მძლავრი სარფეისი, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია. ეს სარფეისის ინოვაციების კულმინაციაა.
პიტ კირიაკუ — მაიკროსოფტის მოწყობილობების ვიცე პრეზიდენტი
აღნიშნული ლეპტოპის ყველაზე აშკარა ცვლილება ეკრანი და მისი ანჯამაა. აღჭურვილია 14 დიუმიანი PixelSense Flow დისპლეით (2400 x 1600) 120Hz განახლების სიხშირითა და Dolby Vision მხარდაჭერით. მაიკროსოფტი იყენებს ახალ, მოქნილ და გამძლე Dynamic Woven Hinge-ს, რომელიც აღნიშნულ ლეპტოპს აძლევს საშუალებას გადავიდეს რეჟიმებს შორის Surface Studio-ს მსგავსად. Surface Laptop Studio-ს სამი რეჟიმი აქვს: ლეპტოპი, სცენა და სტუდია.
ლეპტოპის რეჟიმით ეკრანი სტანდარტულ პოზიციაშია, სრული კლავიატურითა და ახალი, სენსორული თაჩპადით.
სცენის რეჟიმში ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება, რადგან ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ეკრანი წინ იმ კუთხით გამოწიოთ, რომელიც განკუთვნილია თამაშებისთვის, სტრიმინგისა თუ პრეზენტაციისთვის. ეს რეჟიმი ფარავს კლავიატურას, რაც მაგალითად Netflix-ის ყურებას, უფრო კომფორტულს გახდის. ამ რეჟიმში სენსორულ ეკრანზე მუშაობა გაცილებით მარტივი ხდება.
ბოლო რეჟიმია სტუდია და როგორც სახელი გულისხმობს, ის განკუთვნილია წერისთვის, ესკიზისა და სხვა ნებისმიერი შემოქმედებისთვის. მაიკროსოფტი დიდი სიფრთხილით ცდილობს “ტაბლეტის რეჟიმის” როგორც სახელის გამოყენებას თავი აარიდოს, ვინაიდან აღნიშნული ლეპტოპი არ არის ძალიან მსუბუქი, იგი 4 კილოგრამს იწონის და 0.7 ინჩი სისქისაა.
ლეპტოპი Intel–ის ოთხ ბირთვიან, მე–11 თაობის Core i5 და Core i7 პროცესორებზე მუშაობს. Core i5 მოდელები აღჭურვილია Intel Iris Xe გრაფიკით, ხოლო Core i7 ვარიანტები Nvidia–ს RTX 3050 Ti GPU 4 GB VRAM– ით. ხელმისაწვდომი იქნება 16 GB– დან 32 GB–მდე ოპერატიული მეხსიერება და 2 ტბ–მდე მოხსნადი SSD მეხსიერება.
აღნიშნული მახასიათებლებით Surface Laptop Studio–ს უახლესი კომპიუტერული თამაშების გაშვება შეეძლება. Microsoft ტრადიციულად თავს არიდებს Surface Book– ის, როგორც სრულყოფილი სათამაშო ლეპტოპის პოპულარიზაციას, მაგრამ კომპანია ამ იდეას Surface Laptop Studio–სთან ერთად ემყარება.
Surface Pro 8–ის მსგავსად, მაიკროსოფტი Surface Laptop Studio–ში გადადის Thunderbolt 4–ზე. ლეპტოპს აქვს ორი USB 4 პორტი Thunderbolt 4-ით, Surface Connect დატენვის პორტი და 3.5 მმ ყურსასმენის ჯეკი. Thunderbolt–ის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ თქვენი Surface Laptop Studio შეგიძლიათ დააკავშიროთ რამდენიმე 4K მონიტორთან, გამოიყენოთ მაღალსიჩქარიანი გარე მეხსიერება, ან თუნდაც გამოიყენოთ გარე GPU დანართი, რომ ეს მოწყობილობა გადააქციოთ სრულყოფილ სათამაშო კომპიუტერად.
წინასწარ შეკვეთები დაწყებულია, ლეპტოპის საწყისი ფასი 1,599,99 აშშ დოლარია.