Apple-ის ხმოვან ასისტენტ Siri-ზე მომუშავე ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, ბილ სთეზიორმა კუპერტინოს ოფისი 2019 წლის მაისში დატოვა და დღეს ის უკვე Microsoft-ის იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელიც კომპანიაში ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს.
ბილის კარიერა Apple-ში 2012 წელს დაიწყო და 2019-ში დასრულდა. ამ დროის განმავლობაში ის Siri-ზე მომუშავე ქვედანაყოფის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ Apple-ის ხმოვანი ასისტენტის დეპარტამენტს მისი არსებობის განმავლობაში ძალიან ხშირად უცვლიდნენ ხელმძღვანელებს. ჯერ იქ სკოტ ფორსტალი დაინიშნა, თუმცა Apple-ის რუკების სერვისთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და მის ადგილას მუშაობა ედი ქიუმ გააგრძელა, ცოტახანში კი მიმართულების ხელმძღვანელის პოსტი კრეიგ ფედერიგიმ ჩაიბარა.
მიუხედავად იმისა, რომ Apple ხმოვანი ასისტენტების ისტორიაში ღირსეულად ატარებს პიონერის სახელს, ხოლო Siri მილარდზე მეტ მოწყობილობაზე მუშაობს, Amazon-მა და Google-მა მომხმარებლებს ბევრად ხარისხიანი და ეფექტური გადაწყვეტილებები შესთავაზა. საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად Apple-მა გასულ წელს Google-დან ჯონ ჯანანდრეა წამოიყვანა, რომელიც საძიებო სისტემისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით მუშაობდა. Google-დან წამოსული და დღეს Apple-ის თანამშრომელი არა მხოლოდ Siri-ზე, არამედ კომპანიის ყველა მიმდინარე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროექტზე, უკვე როგორც Apple-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მუშაობს.
Microsoft-ი, ისევე როგორც Apple სამომხმარებლო ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე სრულ ფიასკოს განიცდის. წარმატებას ვერც Cortana-მ მიაღწია და ნელ-ნელა ასისტენტი ისედაც მცირე ბაზარს ტოვებს. Siri-ს მსგავსად ბოლო დროს Cortana-ზე მომუშავე დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც არაერთხელ შეიცვალა. სანდო წყაროზე დაყრდნობით ბილ სთეზიორი არ იმუშავებს Cortana-ს განვითარებაზე. ნაცვლად ამისა მან ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი ჩაიბარა.