იმ ათასობით მამაკაცთან, ქალთან და ბავშვთან ერთად, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიღუპნენ, შავ ზღვაში დელფინების სახით ასობით მსხვერპლი გვყავს.
მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ რეგიონს, სამწუხარო სიახლეს გვამცნობენ. ACCOBAMS-ის (შეთანხმება შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე ატლანტის ოკეანის ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ) ბოლო მოხსენების თანახმად, 2022 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში დელფინების, მათი ქვეოჯახი ზღვის ღორებისა და ვეშაპების მიზანმიმართული და შემთხვევითი დაჭერის უჩვეულო ზრდა ფიქსირდება.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი, საფრთხეში აგდებს შავ ზღვას. სამხედრო მოქმედებებმა საზღვაო და სანაპირო რაიონებში, შესაძლოა გავლენა იქონიოს რეგიონის საზღვაო ბიოტაზე, მათ შორის ვეშაპისებრებზე.
ACCOBAMS-ის მოხსენება
Whale and Dolphin Conservation-ის მკლევარის, ერიხ ჰოიტის თანახმად, დელფინების სიკვდილიანობის 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების სანაპიროებზე, მათ შორის ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთსა და უკრაინაში.
მკვლევრები სიკვდილის მიზეზების დასადგენად უკვე მუშაობენ, თუმცა მიმდინარე ომი და პოტენციური საფრთხე, რომელიც გამოწვეულია ნაღმებით, ართულებს მონაცემთა შეგროვების პროცესს.
დაფიქსირდა ცნობები იმის შესახებ, რომ დელფინები ნაპირზე ისეთი ფიზიკური დაზიანებებით ირიყებოდნენ, როგორიცაა დამწვრობა, რაც შეიძლება ორმხრივი ცეცხლის პირდაპირი შედეგი იყოს.
დელფინები საკვების მოპოვებისა და ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ხმის ნავიგაციას იყენებენ. გემების მოძრაობისგან გაზრდილ ხმაურს, შეუძლია გავლენა მოახდინოს, მაგრამ ზედაპირზე და წყალქვეშა აფეთქების ხმებმა შეიძლება მათი დეზორიენტირება გამოიწვიოს, რაც ზრდის შემთხვევითი დაჭერის რისკს. უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა, აფეთქებებმა დაჭრას ან მოკლას დელფინები რამდენიმე კილომეტრის მანძილზე.
ძუძუმწოვრებს ომი ნაცნობ უკრაინულ წყლებს აშორებს, რაც გულისხმობს მათ გადაადგილებას უცნობი ადგილებისკენ, სადაც სავსებით შესაძლებელია ისინი მეთევზეების ბადეში აღმოჩნდნენ.
სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ უკრაინის მახლობლად მდებარე სანაპირო ზონები, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულის, ქერჩის სრუტისა და აზოვის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დელფინების პოპულაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ დელფინები და მათი ქვესახეობები, რომლებიც დღეისათვის გადაშენების პირას მყოფებად ითვლებიან, დაიხოცებიან ან განიდევნებიან, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ეტაპზე იქ კვლევის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა სურათი გვაქვს – ომის დასრულებამდე.
ამბობს ერიხ ჰოიტი