კომპანია Samsung Electronics-მა სამხრეთ კორეაში სმარტფონების მწარმოებელი ქარხანა იმის შემდეგ დახურა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი COVID-19 დაუდგინდა.
როგორც CNN იუწყება, შაბათს, 22 თებერვალს ქ. გუმიში Samsung-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
სადეზინფექციო ღონისძიებების გამო ქარხანა ორშაბათამდე, 24 თებერვლამდე დაიკეტა, ხოლო სართული, რომელზეც ინფიცირებული მუშაობდა 25 თებერვალს დაუბრუნდება საწარმო პროცესს.
გარდა ამისა კომპანიამ იმ თანამშრომლების იზოლირება მოახდინა, ვისაც ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტი ქონდათ.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 433-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ინფიცირების 229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.