კომპანია Microsoft-მა დეველოპერულ კონფერენცია Ignite-ზე საინტერესო ტექნოლოგია წარმოადგინა— Project Silica.
აღნიშნული ტექნოლოგია მონაცემების კვარცის მინაზე შენახვის შესაძლებლობას გვაძლევს. ინფრაწითელ ლაზერს ინფორმაცია მინაზე სამგანზომილებიანი ნანობადეებისა და სხვადასხვა სიღრმის თუ დახრის დეფორმაციების დატანის საშუალებით გადააქვს. ინფორმაცია მინაზე „ვოქსელებში“ ინახება, რაც პიქსელის სამგანზომილებიანი ექვივალენტია.
სხვა ოპტიკური ინფორმაციის მატარებლებისგან განსხვავებით აქ ინფორმაცია არა ზედაპირზე, არამედ მინის შიგნით ინახება. მაგალითისთვის, 2 მმ სისქის მინაზე ვოქსელის 100 ფენის ჩაწერა არის შესაძლებელი.
ინფორმაციის წაკითხვისთვის ალგორითმი ნახაზების დეკოდირებას ახდენს. რაც ყველაზე საინტერესოა ინფორმაციის წაკითხვა მინაზე ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.
ამასთან ერთად კვარცის მინა საკმაოდ მდგრადია: იგი უძლებს მაქსიმალურ ტემპერატურას, მიკროტალღურ გამოსხივებას, განმაგნიტებას და სხვა ფაქტორებს, რასაც სხვა საარქივო მასალები ვერ უძლებენ.
Microsoft-ის თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება პრაქტიკული იქნება იმ შემთხვევებში, როცა საქმე გვაქვს დიდი მოცულობის მონაცემებთან და საჭიროა მათი ხანგრძლივი დროით შენახვა. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო მონაცემები, ფინანსური ანგარიშები, იურიდიული დოკუმენტაცია და სხვა.
Microsoft-მა Warner Bros.-თან ერთად 1978 წელს გადაღებული ფილმი „სუპერმენი“ კვარცის მინის ფირფიტაზე უკვე ჩაწერა. მინის „მეხსიერების ბარათის“ ზომები კი 75x75x2 მმ-ს შეადგენს, რომელზეც 75,6 გბ-ს მოცულობის ინფორმაცია განთავსდა.