Oracle-ი Google-ის წინააღმდეგ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში საავტორო უფლებების საკითხზე საკუთარ მტკიცებულებებს წარმოადგენს. Oracle-ი კომპანია Google-ს პროგრამირების ენა Java-დან 11500 სტრიქონის მითვისებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ Android-ში Java-ს მხარდაჭერის უზრუნველყოფა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე Google-ის მხრიდან „პლაგიატის“ თვალსაჩინო მაგალითია. სასამართლო დავაში მონაწილე ორივე მხარე საკუთარ მტკიცებულებებს 24 მარტს წარმოადგენს.
Google-ის და Oracle-ის სასამართლო პროცესი უკვე ათწლეულებს ითვლის და მასში არსებული მთავარი კითხვის შინაარსი ასეთია: შესაძლებელია თუ არა პროგრამირების ენა Java-ს ცალკეული ბლოკების საავტორო უფლებებით დაცვა? თუ ეს ასეა, მაშინ რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენა სხვა კომპანიამ კოდის გარკვეული ნაწილი? Oracle-ის მტკიცებით Java რთულ და კრეატიულ პროდუქტს წარმოადგენს. Google-მა კი მისი კოპირება მხოლოდ საკუთრი ეკოსისტემის შექმნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადაწყვიტა, რითაც Java გააუფასურა.
Oracle-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თუ უზენაესი სასამართლო Google-ის მხარეს დადგება, საავტორო უფლებების არსებობა აზრს დაკარგავს და ნაშრომების მოპარვა ნებადართული იქნება. კომპანიის განცხადებით ასეთ შემთხვევაში აშშ-ის მიმართ, როგორც საავტორო უფლებების დამცველისადმი ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
რაც შეეხება Google-ს, მას მრავალი ტექნოლოგიური ორგანიზაცია თუ კომპანია ამართლებს. Google-ის მხარდამჭერების აზრით, Oracle-ის გამარჯვება ერთობლივი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესს მხოლოდ გაართულებს. აღნიშნულ დავაში კომპანიას მხარს IBM და Microsoft-იც უჭერენ, რომელთა თქმითაც Oracle-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გარკვეულ სირთულეებს მათაც შეუქმნის.
იმ შემთხვევაში თუ საქმეს Oracle-ი მოიგებს, Google-ს $9 მილიარდის გადახდა მოუწევს.