დღევანდელი მდგომარეობით, შექმნიდან პირველი 1 წლის განმავლობაში, სტარტაპების 92% კრახს განიცდის (“ფეილდება”). იმის გასარკვევად, თუ რამდენად საინტერესოა თქვენი იდეა აუდიტორიისთვის, სასურველია MVP-ს შექმნით დაიწყოთ.
რა არის MVP?
MVP (Minimum Viable Product) – მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი. იგი წარმოადგენს ნებისმიერი პროდუქტის საწყის ვარიანტს, რომელიც შექმნილია დემონსტრაციისა და პირველი მომხმარებლების დაინტერესებისთვის. მასში საბოლოო პროდუქტის ძირითადი შესაძლებლობები ერთიანდება.
MVP-ს შექმნა გვაძლევს საშუალებას:
- შევაფასოთ სამიზნე აუდიტორიის დაინტერესება პროდუქტისადმი
- გავარკვიოთ პროდუქტის რომელი შესაძლებლობებია უფრო საჭირო და რა არის ზედმეტი
- შევქმნათ პროდუქტით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების ბაზა
- გავარკვიოთ აქვს თუ არა პროდუქტს სერიოზული ხარვეზები
სრულფასოვანი კონცეპტისგან განსხვავებით, პროდუქტის საწყისი ვერსია მომხარებლისთვის ბევრად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მისი შექმნაც ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს. არ შეიძლება “ნედლი” პროდუქტის გამოშვება, MVP კარგად დამუშავებული და გამოყენებაში მოსახერხებელი უნდა იყოს. მას შეგვიძლია ძირითადი პროდუქტის დემო-ვერსია ვუწოდოთ, ვინაიდან ის არავითარ შემთხვევაში აღარაა პროტოტიპი.
MVP-ს თვალსაჩინო მაგალითი
ყველასთვის ცნობილი მესენჯერი WhatsApp, თავდაპირველად ჩატისა და შეტყობინების გაგზავნის ფუნქციის გარეშე მუშაობდა. 2009 წელს, მისმა ავტორებმა იან კუმმა და ბრაიან ექტონმა კომფორტული სატელეფონო წიგნაკის შექმნა გადაწყვიტეს, სადაც კონტაქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის ამოკითხვა იყო შესაძლებელი — სახელი, ტელეფონის ნომერი და სტატუსი. სტატუსში კონტაქტს შეეძლო ჩაეწერა, რომ ზის საჭესთან, ან იმყოფება თათბირზე და ა.შ. ხოლო მომხმარებელი იღებდა შეტყობინებას ამა თუ იმ კონტაქტის სტატუსის ცვლილების შესახებ.
როცა ექტონმა და კუმმა შეამჩნიეს, რომ მომხმარებლებმა სტატუსების გამოყენება, ერთმანეთთან სასაუბროდ დაიწყეს — გამოვიდა WhatsApp-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელშიც პირადი შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობაც გამოჩნდა. ამ სიახლემ ელვის სისწრაფით, მესენჯერში დარეგისტრირებულთა რაოდენობა 250 000 მომხმარებლამდე გაზარდა.
რისთვის გვჭირდება MVP?
თუ კომპანიას უკვე აქვს პროდუქტის კონცეპტი, არ ღირს პირდაპირ სრულფასოვან პროდუქტზე მუშაობის დაწყება. იგი ბევრ რესურსს, დროსა და ფინანსებს წაგართმევთ და ჯამში, შესაძლოა მოლოდინები ვერ გაამართლოს ან აღმოჩნდეს, რომ აუდიტორიისთვის იდეა საინტერესო აღარაა. სჯობს იდეის განხორციელება MVP-დან დავიწყოთ, და აი რატომ:
- კონცეპტის გადასინჯვა — ზოგი ფუნქცია და იდეა შესაძლოა სულაც არ იყოს სიცოცხლისუნარიანი, სჯობს ეს საკითხი განვითარების საწყის ეტაპზე ვიცოდეთ
- დროის დაზოგვა — MVP-ს შექმნას საშუალოდ 1-დან 3 თვემდე სჭირდება;
- ბიუჯეტის დაზოგვა — MVP-ს შექმნა ბევრად იაფი დაგიჯდებათ, დაზოგილი თანხით კი კარგი მარკეტინგული კამპანიის წარმოება შეგიძლიათ;
- აუდიტორიის გაზრდა — გაძლევთ საშუალებას იპოვოთ დაინტერესებული მომხმარებლები და იმუშაოთ მათ ლოიალობაზე;
- ინვესტიციების მოზიდვა — MVP მშვენიერი საშუალებაა ინვესტორების დაინტერესებისთვის.
ახლა კი, მოდით განვიხილოთ, როგორ შევქმნათ MVP.
როგორ შევქმნათ ციფრული MVP
1. ბაზრის და კონკურენტების ანალიზი
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ თქვენი იდეა ინოვაციურია და იგი უკონკურენტოა — შეისწავლეთ ბაზარი. შესაძლოა ცდებოდეთ, ან მომხმარებლებისთვის, თქვენი კონცეპტი უინტერესო აღმოჩნდეს. შესაძლოა, თქვენი იდეა მხოლოდ ერთი ქვეყნის აუდიტორიისთვის არის საინტერესო, რის გამოც, პროდუქტი გლობალურ ბაზარზე ვერ გავა. ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სტარტაპების დიდი ნაწილი იმიტომ იხურება, რომ ბაზარზე მათი იდეის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს.
გარდა ამისა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს პირდაპირ კონკურენტებს. შეაფასეთ, რამდენი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს მსგავს გადაწყვეტას, გაანალიზეთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შეაგროვეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ საქმიანობაზე. ამასთანავე, აუცილებელია გქონდეთ სრული წარმოდგენა თქვენი სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიულ თავისებურებებზე.
2. მოიძიეთ MVP-ს ჩაშვების ქეისები თქვენს ინდუსტრიაში
პროდუქტის შექმნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს მისი სწორი რეალიზაცია წარმოადგენს. შეისწავლეთ MVP-ს იდეალური კონცეპტის ჩაშვების კარგი და ცუდი ქეისები. თუ წააწყდებით ისეთ ისტორიას, სადაც თქვენი იდეა და სამიზნე აუდიტორია ემთხვევა ქეისში აღწერილ კონცეფტს — არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ ერთი-ერთში ის სტრატეგია, რაც უკვე გამოიყენეს. სულ მცირე, შესაძლოა გამხილონ კონცეპციის მოპარვასა და პლაგიატში, უარეს შემთხვევაში კი, შესაძლოა ზუსტად თქვენმა რელიზმა არ გაამართლოს. შექმენით კრებსითი სურათი მიღებული ინფორმაციიდან და დააგენერირეთ საკუთარი რელიზის მოდელი.
3. შექმენით მომხმარებლების პროდუქტთან ურთიერთქმედების სქემა
მომხმარებლების ნაკადი გაჩვენებთ იმას, თუ როგორ იქცევიან ისინი თქვენს პროდუქტთან მიმართებაში და რა გზას გადიან პლატფორმის გახსნიდან, შეძენის დასრულებამდე. კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის, მთელი ამ გზის დაგეგმარებაა მნიშვნელოვანი. თუ რამდენიმე სახეობის პროდუქტი გაქვთ, სასურველია, რომ თითოეული მათგანისთვის ეს გზა უნიკალური იყოს. ეს მოგცემთ საშუალებას, შეაფასოთ პლატფორმის ფუნქციონალი და დააკვირდეთ მის მუშაობას.
4. შექმენით და ჩაუშვით MVP
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, შევქმნათ და გავუშვათ MVP. ნუ შეეცდებით ის იდეალური გახადოთ, საკმარისია შექმნათ კომფორტული და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას.
5. გაანალიზეთ პირველი წარმატება
როგორც კი ჩაეშვება MVP-ს ონლაინ ვაჭრობა, მაშინ იწყება მასზე ძირითადი სამუშაო პროცესი. მნიშვნელოვანია ჩაატაროთ რაც შეიძლება მეტი ტესტი, შეაგროვოთ ბევრი უკუკავშირი და ანალიტიკური მონაცემები, რათა სამომავლოდ ჩამოაყალიბოთ განვითარების ოპტიმალური სტრატეგია და მრავალფუნქციური, სრულფასოვანი პროდუქტი.
წარმატებები!