Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ბანსელის განცხადებით, გრიპისა და Covid-19-ის კომბინირებული ვაქცინა 2023 წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
სტეფან ბანსელის თქმით, კომბინირებული ბუსტერ ვაქცინა ერთდროულად რამდენიმე დაავადებისგან დაგვიცავს.
“ჩვენ კომბინირებულ ბუსტერ ვაქცინას ვქმნით, რათა მისი გამოყენება წელიწადში ერთხელ იყოს საკმარისი. 2023 წლის შემოდგომისთვის ვაქცინა მზად იქნება და ზამთრის სეზონის დაწყების წინ იგი ხელმისაწვდომი გახდება“, — აცხადებს ბანსელი.
საგულისხმოა, რომ ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა, 2021 წელს განაცხადა, რომ Covid-ის და გრიპის ვაქცინის ერთდროულად მიღება არ ახდენს გავლენას ორგანიზმის იმუნურ პასუხზე.
“ამჟამად ვაქცინა მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში მის კლინიკურ გამოცდას დავიწყებთ. მარტში უკვე გვექნება კვლევის პირველადი შედეგები, რომლებსაც შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს მივაწვდით“, — წერს ბანსელი.
Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი დიდ ბრიტანეთში, დარიუს ჰიუზი აცხადებს, რომ ამჟამად პრიორიტეტს წარმოადგენს ვაქცინა, რომელიც ომიკრონის შტამის წინააღმდეგ იქნება ეფექტური. კომპანიის მომდევნო ნაბიჯები მიმართული იქნება კომბინირებული ვაქცინის შექმნაზე, რომელიც ადამიანს კორონავირუსისგან, გრიპისგან და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსისგან დაიცავს.