ბრაუზერი Microsoft Edge-ის ბოლო განახლებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია — Android, Windows-სა და macOS-ს შორის ისტორიის და ჩანართების (ტაბების) სინქრონიზაცია გამოჩნდა.
აქამდე Chromium-ის ძრავზე მომუშავე Microsoft Edge-ში მომხმარებელს მხოლოდ პაროლების და შენახული ბმულების სინქრონიზირების, ასევე სასურველი ბმულის სმარტფონიდან სხვა მოწყობილობაზე გახსნის შესაძლებლობა ქონდა. გასულ თვეში ახალი ფუნქციონალი Android-სა და Windows-ს შორის, ბეტა ტესტირების რეჟიმში გამოსცადეს და დღეს ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქციის მისაღებად ბრაუზერის განახლება არ გჭირდებათ, რადგან განახლება ავტომატურად, სერვერის მხარეს მოხდა.
შეგახსენებთ, რომ მაიკროსოფტის ახალი ბრაუზერი შემდეგ ოპერაციულ სისტემებზეა ხელმისაწვდომი: Windows, macOS, iOS, Android, Linux (beta). ასევე, ცნობილი გახდა, რომ Microsoft Edge-ის Chromium ვერსიას დღეს 600 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ განახლება მიიღო მობილურმა აპლიკაცია Microsoft Authenticator-მაც, რომელიც მას აუტენტიფიკატორიდან, პაროლების უნივერსალურ და უფასო მენეჯერად გარდაქმნის. Microsoft Authenticator-ს პაროლების სინქრონიზაცია Edge, Chrome, iOS და Android-ზე შეუძლია.