კომპანია Microsoft-მა მაისში დაგეგმილი ყოველწლიური დეველოპერული კონფერენცია Build 2020 გააუქმა. მის ნაცვლად, როგორც სხვა შემთხვევებში მხოლოდ ონლაინ კონფერენცია ჩატარდება. აღნიშნული ცვლილებები ახალი COVID-19 ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.
სპორტული ღონისძიებების, ფილმების გადაღებების და სხვა მრავალი ტექნოლოგიური თუ სამეცნიერო ყოველწლიური კონფერენციების გაუქმების ცნობების ფონზე Microsoft Build-ის გაუქმება აღარავის უკვირს. შეგახსენებთ, რომ კონფერენცია 19-21 მაისს, სიეტლში, ვაშინგტონის შტატში უნდა ჩატარებულიყო.
Verge-თან ინტერვიუში კომპანია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ვაშინგტონის შტატისთვის გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რომელიც 250-მდე ადამიანის მონაწილეობით დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებს კრძალავს.
„საზოგადოების უსაფრთხოება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ვაშინგტონის შტატის უსაფრთხოებისა და მისი მოსახლეობის ჯანმრთელობის გათვალისწინებით დეველოპერული ღონისძიება Build-ი ციფრულ ფორმატში ჩატარდება. ჩვენ მოუთმენლად ველით კომპანიის ეკოსისტემის გაერთიანებას უკვე ახალ ვირტუალურ ფორმატში რათა ვისწავლოთ, გავიჩინოთ ახალი კავშირები და ერთად ვწეროთ კოდი. ციფრული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ“ — აღნიშნულია კომპანია Microsoft-ის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ Build-ის გარდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააციფრულა. ონლაინ რეჟიმში ჩატარდება ასევე Microsoft MVP Summit-ი და გეიმერებისთვის მნიშვნელოვანი E3. გასული კვირიდან Microsoft-ის თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში, სახლებიდან მუშაობენ, რამაც Windows 10 20H1 გამოშვების თარიღზეც იქონია გავლენა.
Microsoft Build — დეველოპერული ყოველწლიური ღონისძიება, რომელზეც კომპანია კოდთან სამუშაო ახალ ხელსაწყოებსა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები დეველოპერებს Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების „გზამკვლევს“ გააცნობენ. წინა წლებისგან განსხვავებით კომპანია ნაკლებს საუბრობს Windows-ზე და უფრო მეტ დროს უთმობს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებაზე საუბარს, როგორებიცაა Azure, IoT, ჰოლოგრამები, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები და კროს-პლატფორმული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.