კომპანია მაიკროსოფტმა საკუთარი Authenticator აპლიკაციისთვის დიდი განახლება გამოუშვა. განახლების მთავარ სიახლეს სხვადასხვა საიტებზე და აპლიკაციებში ლოგინისა და პაროლის ველების ავტომატური შევსება წარმოადგენს.
Microsoft Authenticator უკვე განახლდა ანდროიდ და iOS მომხმარებლებისთვის, ხოლო Chrome ბრაუზერში Microsoft Autofill გაფართოებაა ხელმისაწვდომი. ყველა მომხმარებლის სახელი და პაროლი მაიკროსოფტის ანგარიშში ინახება.
Authenticator აპლიკაციაში საკმარისია გაიაროთ ავტორიზაცია და გადახვიდეთ Passwords ჩანართში, ამის შემდეგ აპლიკაცია ყველა თქვენი პაროლის სინქრონიზაციას შეასრულებს და ავტომატურად შეავსებს იმ ველებს, რომლებზეც დაგჭირდებათ ავტორიზაციის გავლა.
Chrome-ში Microsoft-ის პაროლების გაფართოება ისევე მუშაობს, როგორც ბრაუზერის ავტომატური შევსების სერვისი — ამისთვის Edge ბრაუზერის გახსნა საჭირო არ იქნება.
ლოგინისა და პაროლის ველების ავტომატური შევსების გარდა, Authenticator-ს პაროლების CSV ფაილიდან იმპორტის ფუნქციის მხარდაჭერაც აქვს.