სექტემბრის კუმულატიური განახლების გამოშვების შემდეგ Windows 10-ის მომხმარებლები სხვა ახალ პრობლემებთან ერთად Start მენიუში არსებულ შეცდომაზეც ალაპარაკდნენ. Microsoft-მა დროულად აღიარა არსებული პრობლემები და შეუდგა მათ აქტიურ გამოსწორებას, თუმცა კომპანიაში აცხადებდნენ, რომ Start მენიუსთან დაკავშირებით პრობლემა აღარ არსებობს და ის აღმოფხვრილია. საქმე იმაშია, რომ სექტემბრის განახლების შემდეგ Start მენიუს გამოძახების მცდელობისას სისტემა აგდებდა შეცდომას და მომხმარებელს კომპიუტერის თავიდან ჩატვირთვას ურჩევდა.
Microsoft-ის ოფიციალურ ფორუმზე მზარდი უკმაყოფილების შედეგად კომპანიის თანამშრომელმა ერთ-ერთ პასუხში აღნიშნა, რომ დეველოპერები უკვე მუშაობენ პრობლემის გამოსწორებაზე, რომელიც განახლების სახით ოქტომბრის ბოლოს გამოვა. აღსანიშნავია, რომ Windows 10 1909-ის მიმდინარე სტატუსის ოფიციალურ გვერდზე Start მენიუსთან დაკავშირებული ხაზრვეზი მაინც გადახაზულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აღმოფხვრილია.