კომპანია Microsoft-მა Surface მოწყობილობებისთვის მიძღვნილი საშემოდგომო ღონისძიება დააანონსა. წელს ის 2 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩვენ დიდი ალბათობით სრულიად ახალ და განსხვავებულ Surface მოწყობილობას ვიხილავთ. თუმცა, მიუხედავად მოწყობილობის ადრეული ანონსისა, მისი რეალური გაყიდვების დაწყება 2020 წლისთვისაა მოსალოდნელი, Windows-ის 20H1 განახლების გამოშვებასთან ერთად.
Surface Centaurus
ქსელში უკვე არაერთი ჭორი თუ პატენტი გავრცელდა, რომელიც 2 ან ზოგჯერ 3 ეკრანის მქონე მოწყობილობას აღწერს და რომელსაც სხცადასხვა ფორმ-ფაქტორად გარდაქმნის შესაძლებლობა აქვს. ჭორები დღეს ორად იყოფა. ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს იქნება ფაბლეტის ზომის მოწყობილობა, რომელიც გარდაიქმნება პლანშეტად, ხოლო მეორე ნაწილის მტკიცებით ეს იქნება პლანშეტი, რომელიც უფრო დიდ პლანშეტად ან სულაც ლეპტოპად გარდაიქმნება.
მოწყობილობა ოპერაციული სისტემის ახალ, Windows One Core OS ბირთვზე იმუშავებს, რომელზეც მოგვიანებით ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერებიც გადავლენ.
გარდა იდუმალებით მოცული სიახლისა უკვე ცნობილია, რომ დიდი ალბათობით Surface Pro 6-ში სხვა ტექნიკურ განახლებებთან ერთად USB Type-C გამოჩნდება. ასევე იგეგმება Surface ხაზის სხვა წარმომადგენლების განახლებაც.
ტრადიციულად, MSinfo-სთან ერთად ამ საინტერესო პრეზენტაციის დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. თბილისში ღონისძიების ჩატარების დეტალები კიდევ განახლდება, თუმცა უკვე ცნობილია ლოკაცია— ტექნოპარკი, ინოვაციების ქ.7.
გარდა ამისა პარალელურ რეჟიმში ჩვენს ვებ-გვერდზე ტექსტური ტრანსლაცია იქნება ხელმისაწვდომი.