საკუთარ ოფიციალურ ბლოგში Microsoft-მა შვილების კონტროლის სისტემის განახლებაზე ისაუბრა, რომელიც Microsoft-ის ანგარიშის ყველა მფლობელისთვისაა ხელმისაწვდომი. ნებისმიერ მშობელს ახალი სისტემის გამოყენება Windows 10-ზე, Xbox One-ზე და Android-ზე მომუშავე მოწყობილობებზე (Microsoft Launcher-ის გამოყენებით) შეუძლია. ძირითადი ცვლილებები სათამაშო კონსოლისა თუ პერსონალური კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის კონტროლს შეეხო. ეკრანთან დროის განსაზღვრის მხარდაჭერა აქამდეც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ამიერიდან აღნიშნული სისტემა კიდევ უფრო მოქნილი გახდა. მთავარი ცვლილებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
- ამიერიდან თქვენ, როგორც მშობელს შეგიძლიათ აკონტროლოთ არა მხოლოდ ეკრანთან გატარებული დრო, არამედ განსაზღვროთ რომელ საათებში რომელი აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა ექნება თქვენს პატარას. ასეთი მიდგომით მშობელს ეძლევა საშუალება დააბალანსოს სწავლის, გართობისა თუ სხვა ამოცანების შესრულების დრო.
- დროის შეზღუდვა ამა თუ იმ აპლიკაციაში გავრცელდება Windows 10-ზე, Xbox One-სა და Android-ზე მომუშავე ნებისმიერ მოწყობილობაზე (Microsoft Launcher-ის გამოყენებით). თქვენ მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ საკუთარი ან შვილის ანგარიშიდან დროების დაწესება და ახალი წესები ბავშვის ყველა მოწყობილობაზე ავტომატურად ამოქმედდება.
Microsoft-ის ანგარიშის პორტალიდან მშობლებს შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ ბავშვის საკუთარ მოწყობილობებთან და მათში არსებულ აპლიკაციებთან მუშაობის განრიგი. მაგალითად, მშობელს დასვენების დღეებში შვილს გასართობი თუ სათამაშო აპლიკაციების გამოყენების დრო გაუზარდოს.
კონტროლის სერვისის გამოყენებისთვის თქვენ Microsoft-ის ანგარიშის პარამეტრებში უნდა შექმნათ ოჯახი და დაამატოთ ოჯახის წევრების, ამ შემთხვევაში ბავშვების ანგარიშები. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თითოეული აპლიკაციისთვის გამოყენების დროის დაწესება. კომპიუტერზე, სმარტფონზე თუ Xbox One-ზე დროის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად თქვენი პატარა 5 ან 15 წუთით ადრე შესაბამის შეტყობინებას მიიღებს. ამასთან ერთად ბავშვს მშობლისთვის დროის გაზრდის მოთხოვნის საშუალება ექნება. თავის მხრივ მშობელს ელ.ფოსტით მოსულ წერილში ან Microsoft Launcher-ში მოთხოვნის დაკმაყოფილება ან უარყოფა შეუძლია. მშობელს საკუთარი ანგარიშის გვერდზე ბავშვის მიერ გამოყენებული აპლიკაციების დეტალური სტატისტიკის ნახვაც შეუძლია.
კონტროლის ახალი ხელსაწყო უკვე ხელმისაწვდომია Windows 10/Xbox One-ის ბოლო განახლებებსა და Android-ზე.