2021 წლის 29 ივნისს, Microsoft-მა და GitHub-მა პროგრამისტის ნეიროქსელური ასისტენტი, Copilot წარმოადგინეს. ახალი ციფრული “დამხმარე”, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი ორგანიზაციის, Open AI-ის ტექნოლოგიის ბაზაზე შეიქმნა. GitHub Copilot-ს სხვადასხვა Framework-თან და პროგრამირების ენებთან მუშაობა შეასწავლეს. მიმდინარე ტექნიკური წინასწარი ვერსია საუკეთესოდ მუშაობს Python, JavaScript, TypeScript, Ruby და Go ენებთან.
ახალი დამხმარე სერვისი OpenAI Codex-ის ბაზაზე მუშაობს. აღნიშნულ ხელაწყოს, დეველოპერების კოდთან მუშაობის გამოცდილების დიდი ცოდნა აქვს და კოდის გენერირების საკითხში, იგი ბევრად ეფექტიანია, ვიდრე GPT-3, ვინაიდან Copilot-ის ინფორმაციის წყაროს ღია რეპოზიტორიებში განთავსებული კოდი წარმოადგენს.
GitHub-ის გენერალური დირექტორის, ნატა ფრიდმანის განცხადებით, აღნიშნული სისტემა წარმოადგენს დამხმარე ხელსაწყოს კოდის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად. იგი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს დეველოპერს სწრაფად იპოვოს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები და შეისწავლოს ახალი API, ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის დამღლელი ძებნის გარეშე.
ფრიდმანმა დააზუსტა, რომ GitHub Copilot ახდენს დეველოპერის კოდის ანალიზს და კონტექსტიდან გამომდინარე, სთავაზობს მას ახალი სტრიქონებისა და ფუნქციების დამატებას. რაც უფრო ხშირად გამოიყენებს პროგრამისტი აღნიშნულ სერვისს, მით უფრო მალე მოხდება აღნიშნული ხელსაწყოს პერსონალიზირება, რაც უფრო რელევანტური შეთავაზებებით გამოიხატება. ხელსაწყო Microsoft Visual Studio Code-ის ფლაგინის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა მისი გამოყენება პირდაპირ ბრაუზერში, GitHub Codespaces-ზეც შეგიძლიათ.