Windows 10-ის ბოლო განახლების შემდეგ Microsoft-ი ახალ დამატებით კუმულატიურ განახლებას ტესტავს, რომელმაც ოქტომბრის და სექტემბრის განახლებებში დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს.
კორპორაცია Microsoft-მა Windows-ის წინასწარი შეფასების პროგრამის ფარგლებში (Windows Insider) Windows 2019 Update-ზე და Windows 10 November 2019 Update-ზე საცდელი კუმულატიური განახლება უკვე გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ოპერაციული სისტემის ორივე ვერსია ერთი და იგივე განახლებებს ერთდროულად იღებს.
Microsoft-ის მიერ Windows 10 May 2019 Update-ისთვის გამოშვებული ახალი 18362.446 ანაწყობი ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის მომდევნო კვირაში გამოვა. აღნიშნული განახლების ცვლილებების ზუსტი ჩამონათვალი ამჟამად უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით მასში Start მენიუსთან და სისტემის ინსტალაციასთან დაკავშირებული ხარვეზი გამოსწორდება.
Windows 10-ის ნოემბრის განახლებაში (ვერსია 1909) გამოსწორდება Start მენიუსთან და ბეჭდვასთან დაკავშირებული ხარვეზები. მასში ასევე წარმოდგენილი იქნება ფაილების მენეჯერის ძიების ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესებული წარმადობა „რჩეული ბირთვების“ მეშვეობით და სხვა ციფრული ასისტენტების მხარდაჭერა ბლოკირების ეკრანზე.