Mastercard-მა კრიპტოვალუტებს ნდობა გამოუცხადა. ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანია წელს აპირებს დაიწყოს კრიპტოვალუტებით გადახდების მხარდაჭერა მათი ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
საზოგადოების დიდი ნაწილი კრიპტოვალუტების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, რაც ბიტკოინების ფასის არასტაბილურობით აიხსნება. როგორც ჩანს, Mastercard სიფრთხილით ეკიდება ამა თუ იმ კრიპტოვალუტის შერჩევის საკითხს.
“ჩვენ უკვე ვემზადებით კრიპტოვალუტით გადახდების მომავლისთვის. ვაცხადებთ, რომ წელს Mastercard დაიწყებს შერჩეული კრიპტოვალუტების მხარდაჭერას პირდაპირ ჩვენს ინფრასტრუქტურაში. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც დიდ შრომას მოითხოვს. მომხმარებელთა დაცვასა და კომფორტზე მორგებული ციფრული ვალუტებისა და პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენ ზედმიწევნით შევარჩევთ კონკრეტულად რომელ აქტივებს დავუჭერთ მხარს“, — განმარტა Mastercard–ის ციფრული აქტივების, ბლოკჩეინ პროდუქტებისა და პარტნიორობის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა, რაჯ დამორადანმა.
დამორადანი ამბობს, რომ აღნიშული გადაწყვეტილება მომხმარებლების, პროვაიდერებისა და ბიზნესისათვის არჩევანის გაფართოებას ემსახურება.
“ამ ცვილებამ შესაძლოა პროვაიდერებს ახალი გზა გაუხსნას იმ მომხმარებლების ერთგულების ზრდაში, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ ციფრულ გადაწყვეტილებებს. მომხმარებელს საშუალება ექნება დაზოგოს, შეინახოს და გაგზავნოს ფული ახალი გზებით. “
ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი კრიპტოვალუტების მხარდაჭერას აპირებს Mastercard, მაგრამ დამორადანი ელის, რომ “მომხმარებლები და ეკოსისტემა ერთიანად დაიწყებენ კრიპტოაქტივების ირგვლივ გაერთიანებას, რაც საიმედოობასა და უსაფრთხოებას შემოგთავაზებთ”.
ამის გათვალისწინებით, კომპანია ყურადღებას ამახვილებს იმ ოთხ მთავარ პირობაზე, რაც სჭირდება კრიპტოვალუტას Mastercard-ის ინფრასტრუქტურაში ჩასართავად:
- უსაფრთხოების იგივე დონე, რომლებიც მომხმარებლებს უკვე აქვთ საკრედიტო ბარათების გამოყენებისას.
- მოქნილი და ქმედითი პროტოკოლი უკანონო საქმიანობისა და საგადახდო სისტემის მოტყუების დასაბლოკად.
- ადგილობრივი კანონების და რეგულაციების დაცვა რეგიონის მიხედვით.
- ღირებულების სტაბილურობა, რითიც მომხმარებლები თავდაჯერებულნი იქნებიან კრიპტოვალუტით გადახდებისას.
Mastercard–მა გასულ წელს უკვე შექმნა კრიპტო ბარათები და ამ ეტაპზე ფლობს ბლოკჩეინის 89 პატენტს, 285 კი მოლოდინის რეჟიმშია. შესაბამისად, ნათელია, რომ კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს კრიპტოვალუტის მიმართულებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Mastercard უკვე ემზადება გადახდების ტექნოლოგიებში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.
წყარო: PCMAG