9to5Mac-ის ინფორმაციით, მომხმარებლები M1 ჩიპზე მომუშავე MacBook Pro და MacBook Air-ის მოულოდნელ ეკრანის ბზარზე საუბრობენ.
დაზიანებული ლეპტოპების მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ბზარები მათთვის გაუგებარი მიზეზებით ჩნდება, რადგან ისინი მოწყობილობას ფრთხილად, ექსპლუატაციის ყველა წესის დაცვით იყენებდნენ.
ბზარის გაჩენის შემდეგ დისპლეი შავ-თეთრი მოციმციმე ზოლებით იფარება და უმეტეს შემთხვევაში, ლეპტოპი სრულიად გამოუსადეგარი ხდება.
ეფლის ავტორიზებული სერვის-ცენტრები უარს ამბობენ ლეპტოპის საგარანტიო მომსახურებაზე და აცხადებენ, რომ ეს მომხმარებლის ბრალეულობით ხდება, თუმცა ეს პრობლემა სულ უფრო მასშტაბური ხდება და მომხმარებლები უარყოფენ გაუფრთხილებლობით გამოწვეული დაზიანების ფაქტს.
ზოგიერთ მომხმარებელს გაუმართლა და მათ გამოუცვალეს ეკრანი, ზოგს კი სრულად მოწყობილობა.
დაზარალებული მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ეკრანის ბზარები თავს იჩენს ლეპტოპის ხშირი დახურვა-გახსნის პროცესში და ფიქრობენ, რომ ეს მოწყობილობის თხელი და მყიფე კონსტრუქციის ბრალია. მსგავსი ქმედების დროს ეკრანი პრაქტიკულად იღუნება, რაც შემდგომში აზიანებს ეკრანის მინას.
რჩევა მათ, ვინც უკვე იყენებს M1-ზე მომუშავე ლეპტოპებს — გთხოვთ ფრთხილად გახსნათ და დახუროთ ლეპტოპი და მოერიდოთ მის გვერდიდან გახსნას.
Apple აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ნოებრის ბოლოს M1-ზე მომუშავე MacBook Air, MacBook Pro და Mac mini-ს პრობლემები Bluetooth კავშირთანაც ქონდა. 2020 წლის თებერვალში კი M1-ზე მომუშავე Mac-ის მფლობელები SSD მეხსიერების სწრაფ “ცვეთაზე” საუბრობდნენ — ქსელში ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა მეთოდებიც კი გამოქვეყნდა.