ყოველწლიური, ერთ-ერთი უმსხვილესი IT კონფერენცია, Web Summit 2022, პორტუგალიაში, ქ.ლისაბონში წელს 1—4 ნოემბერს იმართება, რომლის მთავარი თემატიკა ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, მანქანურ დასწავლას, ფინტექს, ხელოვნურ ინტელექტს, Big Data და სხვა თანამედროვე IT ტრენდულ მიმართულებებს უკავშირდება.
ამ ღონისძიების საპატიო სტუმრები, წამყვანიო ტექნოლოგიური კომპანიებისა და ინვესტორების გარდა, ტექნოლოგიური სტარტაპებიც არიან.
სტარტაპებისთვის, ამ კონფერენციაზე იმართება PITCH შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სტარტაპები მთელი მსოფლიოდან. სტარტაპ კონკურსანტები ერთმანეთს ფიჩინგში, ანუ საკუთარი იდეის საუკეთესოდ წარდგენასა და ინვესტორების დარწმუნებაში ეჯიბრებიან.
PITCH-ის ნახევარფინალი დღეს გაიმართა და ქართული სტარტაპი Theneo,— ფინალშია!
Theneo არის პირველი ქართული სტარტაპი ამ კონკურსში და ის უკვე ფინალისტადაც მოგვევლინა. ჩვენი სტარტაპი, მსოფლიო დონის ღონისძიების TOP 3 სტარტაპს შორის ბრწყინავს.
რას აკეთებს Theneo?
სტარტაპი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას ქმნის, რომელიც მის მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად და სწრაფად შექმნას ხარისხიანი და ინტერაქციული API დოკუმენტაცია.
კონკურსის ეტაპები
პირველი ეტაპის დროს, შერჩეული სტარტაპები ნაწილდებიან 3 სხვადასხვა სცენაზე, სადაც უწევთ საკუთარი იდეის წარდგენა — თითო მონაწილეს ამისთვის 3 წუთი აქვს. შემდეგი 3 წუთი კი კითხვა-პასუხის რეჟიმს ეთმობა, სადაც ჟიური უფრო მეტის გაგებას ცდილობს.
ნახევარ ფინალი დღეს გაიმართა, აქ სტარტაპებს კონფერენციიის მთავარ სცენაზე გამოდიან და 3 + 3 წუთიან ფორმატში ფიჩავენ, რასაც ჟიურის 12 წევრი აფასებს.
რაც შეეხება ფინალს, აქ ჟიურისთან ერთად, მე-5 წევრად ითვლებიან კონფერენციის სტუმრები, რომელთა ხელშიც იქნება გამარჯვებულის გამოვლენის შესაძლებლობა.
წარმატებებს ვუსურვებთ Theneo-ს და მის დამფუძნებელს, ანა რობაქიძეს.