ბოლო დღეების განმავლობაში, IT ინდუსტრიის უმსხვილესმა კომპანიებმა და ამავდროულად, კაპიტალიზაციით აშშ-ის საფონდო ბირჟის ლიდერებმა, კვარტლური საფინანსო ანგარიშები გამოაქვეყნეს. როგორც აღმოჩნდა, სექტორი, რომელსაც მრავალწლიან ზრდას უწინასწარმეტყველებდნენ, გარკვეულ პრობლემებს შეეჯახა. ტექნოლოგიურმა TOP-5 კომპანიამ ჯამურად $580 მილიარდი დაკარგა.
პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნის შემცირებას ყველა პროგნოზირებდა. IDC და Gartner-ის შეფასებით, აღნიშნულ სეგმენტში მოთხოვნა 15-20%-ით შემცირდებოდა, რაც Intel-ის ანგარიშით უკვე დასტურდება — საწყობები მზა პროდუქციით არის გადავსებული, თუმცა მოთხოვნა არანაირ პოზიტიურ დინამიკას არ ავლენს. Intel-ის პროგნოზით, პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნა 15-19%-ით შემცირდება, მომდევნო წელს კი, მოსალოდნელი გაყიდვების მაქსიმუმი 295 მილიონ ერთეულს შეადგენს. წელს, Intel საკუთარი ხარჯების $27-დან $25 მილიარდამდე შემცირებას აპირებს, მომდევნო წელს კომპანია კიდევ $3 მილიარდის დაზოგვას, ხოლო 2025 წლამდე ხარჯების დანაზოგი $8-10 მილიარდს შეადგენს.
გასულ კვარტალში Windows-ის ლიცენზიების გაყიდვები ასევე 15%-ით შემცირდა, ხოლო მომდევნოში, მაიკროსოფტი ლიცენზიების გაყიდვების 30%-იან ვარდნას ელოდება.
Apple-მა გასულ კვარტალში სმარტფონების გაყიდვებით საკუთარ მოლოდინსაც კი გადააჭარბა, თუმცა კომპანიის ვარაუდით, მომდევნო კვარტალში მოსალოდნელია Mac-ების გაყიდვების შემცირება. პროგნოზის მიხედვით, Apple-ის მომდევნო კვარტლის ჯამური ამონაგები, გასულ კვარტალთან შედარებით 8%-ს მიაღწევს. კუპერტინოს შემთხვევა სხვა კომპანიების შემთხვევებისგან ცოტა განსხვავებულია, ვინაიდან Apple სმარტფონების ბაზარზე ძვირადღირებულ მოდელებზე მუშაობს, ხოლო პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაში, კომპანიას მის კომპიუტერებზე დაგვიანებულმა მოთხოვნამ უშველა, რომელიც გამოწვეული იყო ლეპტოპების წარმოების შეფერხებით ჩინეთის რამდენიმე ქარხანაში.
ვარდნის ტენდენციამ არც ღრუბლოვან გიგანტებს აუარა გვერდი. Amazon-ის ამონაგებმა, პროგნოზირებად 15 მილიარდსაც ვერ მიაღწია, რამაც კომპანიის აქციები, ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე 10%-ით გააუფასურა. AWS-მა მოგების მოსალოდნელი ზრდა 27%-მდე დააკორექტირა, როცა 1 წლით ადრე, ეს პროგნოზი 39%-ს შეადგენდა. Microsoft Azure-ის მოსალოდნელი მოგების ზრდა კი 35%-მდე შემცირდა, როცა კომპანია, 1 წლით ადრე 50%-იანი ზრდის მოლოდინში იყო. ამასთანავე, მაიკროსოფტის წარმომადგენლები, მიმდინარე კვარტალში დინამიკის გაუარესებას ელოდებიან.
Texas Instruments-ში აღნიშნავენ, რომ პროცესორებზე მოთხოვნა შემცირებულია საწარმო დანადგარების სეგმენტშიც კი. ერთადერთი მიმართულება, სადაც ჩიპების დეფიციტი ჯერ ისევ აქტუალურია, ავტომშენებელი ბიზნესია.
Google, Intel, Amazon და Apple არ აცხადებენ თანამშრომლების შტატის შემცირებას, თუმცა ანელებენ ან სრულად აჩერებენ ახალი თანამშრომლების აყვანას. Meta-ს დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი კი ღიად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამჟამინდელი 87 000-იანი შტატი შემდეგ წელს შემცირდება, ხოლო არსებული საოფისე ფართები, ხარჯების დაზოგვის მიზნით უფრო რაციონალურად იქნება გამოყენებული.
წყარო: The Wall Street Journal