Huawei Technologies Co.-მ საკუთარი კარტოგრაფიული სერვისის— Map Kit-ის ჩაშვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
კომპანია მომხმარებლებს Map Kit-ის ლოკალურ კარტოგრაფიულ სერვისებთან დაკავშირების მარტივ შესაძლებლობას სთავაზობს, აცხადებს GizmoChina.
Huawei-ს აღნიშნული ქმედება განპირობებულია აშშ-ს აკრძალვით, რომელიც კომპანიის ახალ სმარტფონებში უახლოეს მომავალში Google-ის სერვისების, მათ შორის Google Maps-ის ჩაწერის უფლებას უზღუდავს.
წყაროს თქმით, Map Kit-ი არ იქნება საბოლოო პროდუქტი, არამედ წარმოადგენს ხელსაწყოების ერთობლიობას იმ დეველოპერებისთვის, ვინც სხვადასხვა კარტოგრაფიული აპლიკაციების შექმნით იქნება დაკავებული.
სერვისი რუსულ „Yandex“-თან და ამერიკულ ტურისტულ საიტთან, Booking Holdings-თან თანამშრომლობით შეიქმნება. Map Kit-ი ლოკალურ კარტოგრაფიულ სერვისებთან იმუშავებს და ხელმისაწვდომი იქნება 40 ენაზე მსოფლიოს 150 ქვეყანაში.
ჩჟან პიგანი— Huawei Consumer Business Group-ის ღრუბლოვანი სერვისების პრეზიდენტი
Map Kit-ი მოძრაობის რეალურ რეჟიმში დაკვირვებისა და განვითარებულ სანავიგაციო სისტემებით იქნება აღჭურვილი, რომელიც ავტომობილის მოძრაობის ზოლებს შორის გადასვლასაც ამოიცნობს. გარდა ამისა სერვისს AR კარტოგრაფიის სრული მხარდაჭერა ექნება.
გასულ კვირაში Huawei-მ Map Kit-ი დეველოპერების კონფერენციაზეც ახსენა. გარდა კარტოგრაფიული სიახლისა, Huawei-ის მობილური სერვისები შემდეგ პროდუქტებს მოიცავენ: Site Kit, Location Kit, Drive Kit და Scan Kit.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს Huawei Developers Conference 2019-ზე კომპანიამ საკუთარი ახალი ოპერაციული სისტემა— Harmony OS-ი წარმოადგინა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ჭკვიან ტელევიზორებში იქნება გამოყენებული.