ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
ჩინურმა კომპანია Huawei-მ, Google-ის სერვისებთან წვდომა 2019 წლის 16 მაისს სრულად დაკარგა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული თარიღის შემდეგ, Huawei-ს მიერ გამოშვებულ მოწყობილობებზე ვეღარ შეხვდებით გუგლის ისეთ აპლიკაციებს როგორიცაა: Gmail, Maps, YouTube, Play Store და სხვა. გუგლის სერვისებთან დაკავშირებული აკრძალვა მანამდე მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს ეხებოდა, ვინაიდან აქ დღემდე ჩინეთის მიერ გუგლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოქმედებს. თუმცა ამჯერად, Huawei, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში დაწესებული სანქციების მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც მას ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობა აეკრძალა. სანქციების შედეგად, Huawei-სთვის დაიხურა იმ ოპერაციული სისტემის კარი, რომელზეც კომპანიის ყველა მოწყობილობა მუშაობდა.*
*აღნიშნულ თარიღამდე გამოშვებულ მოწყობილობებს შეზღუდვა არ ეხება.
მას შემდეგ მრავალი ჭორი გავრცელდა, რომ თითქოს კომპანია საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობდა და მის გამოშვებას ახლო მომავალში აპირებდა. საბოლოოდ ჭორები დადასტურდა და 2020 წლის 10 სექტემბერს Huawei–მ HDC 2020-ზე (Huawei Developer Conference) HarmonyOS 2.0 (ჩინ: HongMeng OS) ოფიციალურად წარმოადგინა. მის მექანიზმში შედის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი, მათ შორის მონაცემთა მართვა და უსაფრთხოება. Huawei–მ ასევე დანერგა ადაპტირებული UX სტრუქტურა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიაღწიონ ათეულობით მილიონ ახალ მოწყობილობასა და მომხმარებელს.
Huawei-ს განცხადებით, ახალი ოპერაციული სისტემა მისი ეკოსისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი გახდება და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თანდათანობით მოიცავს მოწყობილობების უმეტესობას.
რა არის HarmonyOS?
HarmonyOS ახალ მიკროკერნელზე დაფუძნებული, ოპერაციული სისტემაა, რომელიც შექმნილია სრულყოფილი სამომხმარებლო გამოცდილების მისაღებად ყველა მოწყობილობასა და სცენარში.
“ჩვენ შევდივართ იმ ეპოქაში, როდესაც ხალხი ყველა მოწყობილობასა და სცენარში ერთიან ინტუიციურ გამოცდილებას ელის. ამის მხარდასაჭერად, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ოპერაციული სისტემის არსებობა, რომელიც გაუმჯობესებული პლატფორმათაშორისი შესაძლებლობებით გამოირჩევა. ჩვენ გვჭირდებოდა ოპერაციული სისტემა, რომელსაც ყველა შესაძლო სცენარის მხარდაჭერა აქვს და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფართო სპექტრის მოწყობილობებსა და პლატფორმებზე. მან უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნა მცირე შეყოვნებასა და ძლიერ უსაფრთხოებაზე“, — აცხადებს Huawei-ს სამომხმარებლო ბიზნესის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ იუ.
“HarmonyOS აბსოლუტურად განსხვავდება Android-სა და iOS-გან. ეს არის მიკროკერნელზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ გამოცდილებას ყველა შესაძლო სცენარში. მას აქვს საიმედო და უსაფრთხო არქიტექტურა და მოწყობილობათაშორისი სინქრონიზაციის ერთიანი სამომხმარებლო გამოცდილება. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ აპლიკაციები ერთხელ, შემდეგ კი მოქნილად განათავსოთ ისინი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებში“, — ამბობს რიჩარდი.
HarmonyOS ეფუძნება ქვემოთ აღწერილ ოთხ ტექნიკურ მახასიათებელს:
1. მარტივი გამოცდილება:
ერთიანი არქიტექტურისა და ვირტუალური სალტეს (ინფორმაციის გადამცემი გამტარების კომპლექტი მიკროპროცესორში) ტექნოლოგიის მიღებით, HarmonyOS გთავაზობთ კომუნიკაციის საერთო პლატფორმას, ერთიან მონაცემთა მენეჯმენტს, ამოცანათა დაგეგმარებასა და ვირტუალურ პერიფერიულ მოწყობილობებს. HarmonyOS-ის საშუალებით, აპლიკაციების შემქმნელებს არ მოუწევთ მის სისტემურ ტექნოლოგიებთან გამკლავება, რაც მათ საშუალებას მისცემს ფოკუსირდნენ საკუთარი ინდივიდუალური სერვისის ლოგიკაზე. ამ გზით, ერთიანი აპლიკაციების შემუშავება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ოდესმე. HarmonyOS- ზე აგებულ აპლიკაციებს სხვადასხვა მოწყობილობებზე, მარტივი საერთო გამოცდილებით მუშაობა შეეძლება.
2. სრულყოფილი წარმადობა
HarmonyOS არასრულფასოვან გამოწვევებს დაყოვნების განმსაზღვრელი ძრავითა (Deterministic Latency Engine) და გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე ინტერპროცესული კომუნიკაციის ტექნოლოგიებით (IPC) აგვარებს. დაყოვნების განმსაზღვრელი ძრავა ადგენს ამოცანის შესრულების პრიორიტეტებს და წინასწარი განრიგის ვადებს. რესურსები მიემართება უფრო მაღალი პრიორიტეტის მქონე ამოცანებისკენ, რაც შეამცირებს აპების რეაგირების შეყოვნებას 25,7%-ით. მიკროკერნელს არსებულ სისტემებთან შედარებით IPC-ის შესრულება ხუთჯერ უფრო ეფექტიანად შეუძლია.
2. უფრო უსაფრთხო
HarmonyOS იყენებს ახალ მიკროკერნელის დიზაინს, რომელიც გამოირჩევა გაძლიერებული უსაფრთხოებით და დაბალი დაყოვნების მაჩვენებლით. ეს მიკროკერნელი შექმნილია ბირთვის ფუნქციების გამარტივებისთვის, რაც შეიძლება მეტი სისტემური სერვისის დასანერგად სამომხმარებლო რეჟიმში ბირთვის გარეთ და დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თავად მიკროკერნელი ითვალისწინებს მხოლოდ ძირითად სერვისებს, როგორიცაა ნაკადის (შესრულებული დავალებების მწკრივი მრავალდავალებიანი ოპერაციული სისტემის ფარგლებში) განრიგი და ინტერპროცესული კომუნიკაცია (IPC).
Harmony OS–ის მიკროკერნელი იყენებს სპეციალური შემოწმების მეთოდებს უსაფრთხოებისა და სანდოობის გასანახლებლად აღსრულების საიმედო გარემოში (TEE). გადამოწმების მეთოდები ეფექტური მათემატიკური მიდგომაა თავდაპირველი წყაროდან სისტემის სისწორის დასადასტურებლად, ხოლო გადამოწმების ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა ფუნქციური შემოწმება და შეტევის სიმულაცია, შემოიფარგლება შეზღუდული სცენარებით. ამის საპირისპიროდ, ფორმალურ მეთოდებს შეუძლიათ გამოიყენონ მონაცემთა მოდელები, რომ გადაამოწმონ პროგრამული უზრუნველყოფის გაშვებული პროცესები.
HarmonyOS არის პირველი ოპერაციული სისტემა, რომელიც იყენებს ამ ტიპის გადამოწმებას მოწყობილობაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უსაფრთხოებას. გარდა ამისა, HarmonyOS-ის მიკროკერნელს გაცილებით პატარა ზომის კოდი აქვს (დაახლოებით Linux-ის ბირთვის მეათასე ნაწილი), რაც შეტევის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
3. მრავალფუქციური:
სხვადასხვა ტიპის მოწყობილობაზე გათვლილი ინტეგრირებული პროექტირების გარემო (პროგრამული პაკეტი პროგრამისტებისა და ვებ-დეველოპერებისათვის – IDE), მრავალენოვანი ერთიანი კომპილირება და გაზიარებული არქიტექტურის ნაკრები, ეს ის კომპონენტებია, რაც HarmonyOS-ს საშუალებას აძლევს ავტომატურად მოარგოს აპლიკაციების სამომხმარებლო გამოცდილება სხვადასხვა ტიპის ეკრანს, ობიექტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების და გადახედვაზე ორიენტირებული ვიზუალური პროგრამირების გათვალისწინებით. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტიანად ააგონ აპლიკაციები, რომლებიც სხვადასხვა მოწყობილობაზე იმუშავებს. ინტეგრირებული პროექტირების გარემოს (multi-device IDE) საშუალებით, დეველოპერებს საკუთარი აპლიკაციისთვის შეუძლიათ კოდი მხოლოდ ერთხელ დაწერონ და განათავსონ იგი სხვადახსხვა მოწყობილობაზე, შექმნან მჭიდროდ ინტეგრირებული ეკოსისტემა ყველა სამომხმარებლო მოწყობილობისთვის.
Huawei ARK Compiler პირველი სტატიკური კომპაილერია, რომელსაც თანაბრად შეუძლია მუშაობა ანდროიდის ვირტუალურ მანქანასთან (პროგრამული და/ან აპარატული უზრუნველყოფა, რომელიც რეალურ კომპიუტერში ახდენს სხვა კომპიუტერის ემულაციას დამოუკიდებელი ოპერაციული სისტემითა და ყველა აუცილებელი კომპონენტით), რაც საშუალებას აძლევს დეველოპერებს გამოიყენონ მოწინავე ენების ფართო სპექტრი ერთ მანქანურ კოდსა და ერთიან გარემოში. მრავალენოვანი ერთიანი კომპილაციის მხარდაჭერით, Huawei ARK Compiler-ი დეველოპერებს მათი პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებაში დაეხმარება.
განვითარების გეგმა და ეკოსისტემა: (დაანონსებულია 2019 წლის 10 აგვისტოს)
HarmonyOS 1.0 პირველად მოიცავდა სმარტ ეკრანიან პროდუქტებს, რომელთა გამოშვება 2020 წლის ბოლოს დაიწყო. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი HarmonyOS ოპტიმიზირდება და თანდათანობით მოიცავს ფართო სპექტრის ჭკვიან მოწყობილობებსაც, მათ შორის, ტარებად აქსესუარებს, Huawei Vision-სა და ავტომობილის მოწყობილობებს.
ვერსიების ქრონოლოგია:
HongmengOS 1.0 – 2019 (ტელევიზორები)
HongmengOS 2.0 – 2020 (კომპიუტერი, ჭკვიანი საათები/სამაჯურები, ავტომობილების სისტემები)
HongmengOS 3.0 – 2021 (ჭკვიანი დინამიკი და ყურსასმენები)
HongmengOS 4.0 – 2022 (VR სათვალე და სხვა)
ღია პროგრამული უზრუნველოყოფა: (Open Source)
Huawei–მ HarmonyOS–ის ღია პლატფორმის სახით გამოშვება გადაწყვიტა. იგი ასევე დააარსებს ღია პროგრამული უზრუნველოყოფის ფონდს და ღია პროგრამული უზრუნველოყოფის საზოგადოებას, დეველოპერებთან უფრო ღრმა თანამშრომლობის მხარდასაჭერად.
ეკოსისტემა:
Huawei თავის ძირითად შესაძლებლობებს ისეთ მიმართულებებს გაუზიარებს, როგორიცაა ტელეკომუნიკაცია, კამერები და ხელოვნური ინტელექტი (AI). იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს ეკოსისტემის პარტნიორებთან იმ პროგრამებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, რომლებიც მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილებას შესთავაზებს.
HarmonyOS 2.0:
ცვლილებები HarmonyOS 2.0-ში:
HarmonyOS 2.0-ში დეველოპერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა ემულატორებზე, SDK პაკეტებსა და IDE ხელსაწყოებზე. მობილური ბეტა ვერსიის გამოშვება, პირველად ჩინელი დეველოპერებისთვის 2020 წლის ბოლოს დაიგეგმა.
HarmonyOS 2.0 გაშვების რუკა მხარდაჭერილი მოწყობილობების მეხსიერების ტიპის მიხედვით:
- 2020 წლის 10 სექტემბრიდან – მოწყობილობები 128 კბ–დან 128 მბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით (IoT მოწყობილობების ჩათვლით, როგორიცაა ჭკვიანი ტელევიზორები, ტარებადი მოწყობილობები, მანქანები და სხვ.)
- 2021 წლის 21 აპრილიდან – მოწყობილობები 128 მბ-დან 4 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით
- 2021 წლის ოქტომბრიდან – მოწყობილობები 4 გბ-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერებით
HarmonyOS 2.0 ბეტა ვერსიის გამოშვების თარიღი დეველოპერებისთვის:
- 2020 წლის 10 სექტემბერი – სმარტ ტელევიზორები, საათები და ტარებადი მოწყობილობები
- 2020 წლის 16 დეკემბერი – სმარტფონები
Huawei-ს სამომხმარებლო ბიზნესის ჯგუფის (CBG) აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ იუს თქმით, Huawei პირველ HarmonyOS სმარტფონს 2021 წელს გამოუშვებს.
ჰუავეის სამომხმარებლო ბიზნესის ჯგუფის (Huawei Consumer Business Group (BG)) პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის პრეზიდენტი, ვანგ ჩენგლუ ამბობს: მომხმარებლები, რომლებიც განახლდებიან EMUI 11-მდე, მიიღებენ HarmonyOS “რაც შეიძლება მალე”. მომხმარებლებს ასევე საშუალება ექნებათ შეიძინონ ახალი HarmonyOS მოწყობილობები მიმდინარე წლისთვის.
HarmonyOS 2.0 Mobile ბეტას გაშვება:
2020 წლის 16 დეკემბერს Huawei–მ დააანონსა HarmonyOS 2.0 მობილური ბეტა ვერსია დეველოპერებისთვის და იმავე დღეს, ჩაუშვა სატესტო ვერსია Huawei P40, Mate 30 და MatePad Pro მოწყობილობებისთვის ჩინეთში.
ბეტა ტესტირების საწყის ეტაპზე, Huawei–მ დიდი ცვლილებები შეიტანა HarmonyOS–ის ბაზის არქიტექტურაში და მისი შესაძლებლობების შესამოწმებლად EMUI 11-ის სამომხმარებლო ინტერფეისს მოარგო.
Huawei insider აღნიშნავს, რომ კომპანია სამომხმარებლო ინტერფეისში ცვლილებებს მობილური მოწყობილობებისთვის HarmonyOS 2.0–ის სტაბილური ვერსიის გაშვებისას შეიტანს.
Huawei 2021 წელს HarmonyOS-ის 100 მილიონზე მეტ მოწყობილობაზე ინსტალაციას გეგმავს:
2020 წლის 16 დეკემბერს Huawei–მ ასევე გაასაჯაროვა 2021 წლისთვის HarmonyOS–ის 100 მილიონზე მეტ ჭკვიან მოწყობილობაში ინსტალაციის გეგმა და ამ მიზნის მისაღწევად, ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტი თანამშრომლობდა სხვადასხვა ინდუსტრიის პარტნიორებთან, რათა მათ შესაბამის მოწყობილობებში HarmonyOS გაუშვან.
წყარო: Huawei Central