სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ Google Maps-ისთვის ახალი „ინკოგნიტო“ რეჟიმის ტესტირება დაიწყო. დღეს აღნიშნული სიახლე ოფიციალურად დაანონსდა.
სიახლე ჯერ-ჯერობით მხოლოდ Android სმარტფონის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. აღნიშნული ფუნქცია არ საჭიროებს აპლიკაციის განახლებას, რის გამოც შესაძლოა თქვენთან ინკოგნიტო რეჟიმი მოგვიანებით გამოჩნდეს.
Google Maps-ში „ინკოგნიტო“ რეჟიმი უზრუნველყოფს თქვენი გადაადგილების ანონიმურობას. ამ დროს აპლიკაცია არ ინახავს გადაადგილების ისტორიას, არ ანახლებს თქვენს ადგილმდებარეობას და არ აგროვებს ინფორმაციას თქვენს შესახებ პერსონალიზირებული შემოთავაზებების გენერირებისთვის.
იმისთვის რომ ჩართოთ „ინკოგნიტო“ რეჟიმი Google-ის რუკების აპლიკაციაში, დააწექით მარცხენა კუთხეში პროფილის სურათს და მენიუს ჩამონათვალში დააწექით Turn on Incognito mode-ს.