პოლიტიკური რეკლამის დამკვეთებისთვის ახალი წესების ამოქმედების შედეგად სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა უფრო რთული იქნება.
კომპანია Google-მა კიდევ ერთხელ შეცვალა პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესები, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სამიზნე აუდიტორიამდე სარეკლამო მესიჯის მიტანას.
ახალი წესების მიხედვით პოლიტიკური რეკლამისთვის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა მხოლოდ სამი კრიტერიუმით იქნება შესაძლებელი, ესენია: სქესი, ასაკი და ლოკაცია.
Google-ი გააკონტროლებს ე.წ „fake“ შინაარსის მქონე ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიმართავს.
„გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური რეკლამის რაოდენობა, რომელთა მიმართაც ზომებს მივიღებთ არ იქნება დიდი, თუმცა ცალსახა დარღვევების შემთხვევაში ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედებთ“ — აღნიშნულია კომპანიის ბლოგში.
გაერთიანებულ სამეფოში ახალი წესები უახლოეს დღეებში ამოქმედდება (რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე), ევროკავშირის ტერიტორიაზე კი ცვლილებები წლის ბოლომდე ამოქმედდება. დანარჩენ ქვეყნებში პოლიტიკური რეკლამის შეზღუდვები 2020 წლის 6 იანვრიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ Twitter-მა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკური რეკლამა სრულად აკრძალა.