Google-ის დეველოპერების განცხადებით, 2021 წლის აგვისტოდან, ყველა ახალი აპლიკაცია, რომელიც Google Play Store-ში აიტვირთება, ტრადიციული APK-ს ნაცვლად, ახალ Android App Bundle (AAB) ფორმატს გამოიყენებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ AAB უფრო უნივერსალური, პაკეტებზე დაფუძნებული ფორმატია, რომელიც საგრძნობლად შეამცირებს აპლიკაციის მოცულობას და სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებზე მის ადაპტაციას გაამარტივებს.
AAB ფორმატი პირველად 2018 წელს გამოჩნდა. საქმე იმაშია, რომ Android მოწყობილობები სხვადასხვა აპარატული მონაცემებით არის წარმოდგენილი— სისტემას 150-ზე მეტი ენისა და პროცესორის 4 არქიტექტურის (ARMv7, ARMv8, x86 და x86_64), ასევე ეკრანის სხვადასხვა გაფართოებებისა და ამ კომპონენტების გარშემო განსხვავებული სპეციფიკაციების მხარდაჭერა აქვს. აპლიკაციის APK ფაილში ამ ყველა განსხვავების ერთად თავმოყრა იყო საჭირო, რაც უკანასკნელის “წონას” საგრძნობლად ზრდიდა.
თავისმხრივ, Android App Bundle “ცალკეულ APK” ფაილებს ნაკრებად აქცევს, რომელთა მიწოდებაც მოხდება Android მოწყობილობის აპარატული და სისტემური კონფიგურაციის შესაბამისად. თავისი შინაარსით, “ცალკეული APK” ფაილი არ წარმოადგენს სრულფასოვან აპლიკაციას — ეს მხოლოდ აპლიკაციის ნაწილია, რომელიც კონცენტრირებულია კონკრეტულ მოწყობილობაზე.
ასეთი სახით, თითოეული მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ იმ კოდს, რომელიც სჭირდება მის მოწყობილობას. გუგლის დეველოპერების თქმით, ეს მიდგომა, აპლიკაციების ზომას საშუალოდ 15—30%-მდე შეამცირებს.
აპლიკაციების დეველოპერები App Bundle-ის გამოყენებას საკუთარი პროდუქტის ფუნქციების სამართავადაც შეძლებენ. მაგალითად, გარკვეული ფუნქციები აქტიური იქნება მხოლოდ იმ მოწყობილობებისთვის, რომლებსაც ამის ტექნიკური მხარდაჭერა აქვს ან გააქტიურდება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად.
AAB ფორმატით, გუგლი Android ეკოსისტემაზე უფრო დიდ კონტროლს მოიპოვებს. საქმე იმაშია, რომ Android App Bundle-ის პაკეტებს აპლიკაციების მაღაზიის ინფრასტრუქტურა დაამუშავებს. მართალია, AAB ღია კოდის მქონე ფორმატია და გუგლს ამისთვის open source აპლიკაცია bundletool-იც აქვს, უამრავ კომპანიას ამ ფორმატის გამოსაყენებლად საკუთარი ინფრასტრუქტურის გამართვა დასჭირდება, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
App Bundle-ის საჯაროობის მიუხედავად, აპლიკაციების ალტერნატიულ მაღაზიებს ამ ფორმატის სრულფასოვანი მხარდაჭერისთვის დიდი სამუშაოს ჩატარება დასჭირდება.
გარდა ამისა, ArsTechnica-ს ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ AAB-ზე გადასვლა კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი საჭიროებითაა განპირობებული. APK-ს უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტია ციფრული ხელმოწერა. პირველი ინსტალაციისას ეს ხელმოწერა არ მოქმედებს, თუმცა აპლიკაციის განახლების შემთხვევაში, ხელმოწერები უნდა ემთხვეოდეს. ამგვარად, ვერ მოხდება აპლიკაციის ყალბი ვერსიის განახლების სახით დაყენება.
თუმცა, თუ AAB-ს შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის ციფრული ხელმოწერა ღრუბელში უნდა ინახებოდეს, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად Google-ს ეკისრება.
“Google ამას “Google Play App Signing”-ს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თქვენ [როგორც დეველოპერს] კვლავინდებურად გექნებათ სრული წვდომა აპლიკაციაზე. თუმცა ეს ყველაფერი თქვენი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების მე-3 პირისთვის გადაცემას ჰგავს. Google აკონტროლებს Play Store-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის ხელში პრაქტიკულად ყველაფერია, თქვენი აპლიკაციის ჩათვლით”, — აღნიშნავენ გამოცემაში.
კომპანიისადმი დეველოპერების უნდობლობის გასაქარწყლებლად, გუგლი მათ საშუალებას მისცემს ციფრული გასაღების ასლი ლოკალურადაც შეინახონ, რაც აპლიკაციის ავტორს საშუალებას მისცემს გამოუშვას აპლიკაციის განახლება Google Play Store-ში ატვირთვის გარეშე.
გარდა ამისა, დეველოპერებს Google Play-ის კონსოლიდან შეუძლიათ გადმოიწერონ ხელმოწერილი Distribution APK. აღნიშნული ფაილები ჩვეულებრივ, უნივერსალურ APK-ს წარმოადგენს, რომლის ატვირთვაც შესაძლებელი იქნება სხვა, ალტერნატიულ მარკეტებში. ხოლო ვისაც ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა გუგლმა თვითნებურად შეიტანოს ცვლილება დეველოპერის კოდში, მათთვის ხელმისაწვდომია “გამჭირვალე კოდის” ფუნქცია, რომელიც დეველოპერს საშუალებას აძლევს შეადაროს ჰეში მარკეტში ატვირთულ აპლიკაციის ჰეშს და დარწმუნდეს, რომ მასში ცვლილება არ მომხდარა.