Windows Insider პროგრამის მონაწილეებისთვის „სწრაფი წრის„ არხზე Windows 10 (20H1)-ის ახალი საცდელი ანაწყობი გამოვიდა. განახლება, ნომრით 18980 საინტერესო იქნება მათთვის, ვისთვისაც შესწორებები და გაუმჯობესებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი ფუნქციონალი.
რა არის ახალი 18980-ში
Cortana-ს ახალი აპლიკაცია ყველა მხარდაჭერილ რეგიონში
Cortana-ს განახლებული აპლიკაცია გამოჩნდა ყველა იმ რეგიოშნი, სადაც ხმოვან ასისტენტს ოფიციალური მარდაჭერა გააჩნია. აქამდე ის მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ Cortana მუშაობს იმ შემთხვევებშიც კი, როცა სისტემურ ენად იყენებთ ენას, რომლის მხარდაჭერაც ხმოვან ასისტენტს არ აქვს.
WSL-ის გაუმჯობესება
აღნიშნულ ანაწყობში გამოჩნდა WSL2, რომელსაც ARM64 მოწყობილობების მხარდაჭერაც აქვს. Linux-ის ქვესისტემამ სხვა შესწორებებიც მიიღო, რომელთა დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დამატებითი კომპონენტების ახალი ფანჯარა
Windows-ის დამატებითი კომპონენტების განყოფილება სისტემურ პარამეტრებში აღნიშნული ანაწყობიდან მოყოლებული ყველა Fast Ring ინსაიდერისთვის ხელმისაწვდომია.
ზოგადი შესწორება-გაუმჯობესებები
- დეველოპერებმა Outlook-ის გარკვეული ვერსიების მომხმარებლებს მოუხსნეს შეზღუდვა, რომლის გამოც ზოგი Windows Insider-ი ვერ იღებდა Fast Ring-ით გავრცელებულ ახალ ანაწყობებს.
- გამოსწორებულია netprofmsvc.dll-ით გამოწვეული სისტემის შენელება, რის გამოც განახლების ინსტალაციის პროცესი 98%-ზე იყინებოდა, ხოლო ვინც განახლდა, უწევდათ გარკვეული სისტემური კომპონენტების გაუმართავი მუშაობის ატანა.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც მოსული ელ.წერილის შეტყობინებაზე დაჭერისას არ იხსნებოდა Outlook-ი.
- გამოსწორებულია სენსორული კლავიატურის მუშაობის ხარისხი.
- კორეული ენის IME დაუბრუნდა წინა ვერსიას, რათა მოხდეს ბოლოს გამოშვებულ ვერსიაში შემჩნეული ხარვეზების აღმოფხვრა.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც ეკრანის სქრინშოთის გადაღების ხელსაწყო (Snip & Skecth) გაუმართავი იყო.
- გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ბლოკირების ეკრანის ინტერფეისში არსებული ელემეტები უცნაური ოთხკუთხედ ჩარჩოებში იყო ჩასმული.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერისას Task View-ში აპლიკაციების მინიატურები ქრებოდა.
- გამოსწორებულია შეცდომა, რომლის დროსაც გარე მყარი დისკის მიერთებისას სისტემის მიერ ხდებოდა მისი არასწორი აღქმა.
- MS Paint და WordPad ამიერიდან მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში წაშლას ექვემდებარება.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის დროსაც სისტემურ პარამეტრებში პროფილის სურათის შეცვლის მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა.
- ეკრანის ვირტუალური გამადიდებელი ამიერიდან უკეთ მუშაობს ისეთ აპლიკაციებში, როგორებიცაა Google Chrome ან Firefox.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც ტექსტური კურსორი ჩნდებოდა მხოლოდ იქ, სადაც მომხმარებელს მხოლოდ წაკითხვის შესაძლებლობა ქონდა.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის დროსაც ამოცანების პანელში ძიების შედეგების ჩვენებისას ტექსტური კურსორი Start-ღილაკის ზემოთ ექცეოდა.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც გარკვეული LPX (Local Experience Pack)-ები ინგლისურ ენაზე ბრუნდებოდა.
- გამოსწორებულია ხარვეზი, რომლის გამოც Windows 10-ის ახალი ანაწყობის ინსტალაციის შემდეგ გარკვეული Wi-Fi ადაპტერები წყვეტდნენ მუშაობას.
ცნობილი ხარვეზები
- კომპიუტერის „ღრუბლებიდან“ აღდგენის ფუნქციით სარგებლობისას სისტემა არასწორად ითვლის საჭირო თავისუფალი სივრცის მოცულობას. თუ თქვენ დაგჭირდათ ამ ფუნქციით სარგებლობა და Windows 10 გთხოვთ თავისუფალ ადგილს მყარ დისკზე, მაშინ გაწმენიდას გაითვალისწინეთ, რომ სისტემის მიერ მოთხოვნილი გასაწმენდი სივრცის მოცულობას ზემოდან 5 გბ უნდა დაუმატოთ.
- ღრუბლიდან აღდგენის ფუნქცია არ მუშაობს მოწყობილობებზე, რომლებზეც შემდეგი დამატებითი კომპონენტებია აქტიური: EMS და SAC Toolset for Windows 10, IrDA infrared, Print Management Console, RAS Connection Manager Administration Kit (CMAK), RIP Listener, RSAT-ის ყველა ხელსაწყო, Simple Network Management Protocol (SNMP), Windows Fax and Scan, Windows Storage Management, Wireless Display და WI SNMP Provider.
- იმ თამაშების გაშვება, რომლებშიც არ მოხდა „ანტიჩიტ“ სისტემის დროული განახლება, Windows 10-ის აღნიშნულ ანაწყობში სიკვდილის მწვანე ეკრანით სრულდება.
- არ მუშაობს Realtek-ის ზოგი ბარათის წამკითხველი.
- ენის პაკეტის დაყენებისას, სისტემა მისი წარმატებული ინსტალაციის შესახებ გატყობინებთ, თუმცა რეალურად ენის პაკეტი ამ დროს არ ინსტალირდება.
- გარკვეული 2D აპლიკაცია არასწორად აღიქმება, როგორც DRM-ით დაცული, რის შედეგადაც Mixed Reality-ში ვერ ხერხდება ამ აპლიკაციებში ვიდეოკონტენტის მიღება.
- Windows Mixed Reality-ში Feedback Hub-ისთვის განკუთვნილი ხარვეზის ამსახველი ვიდეოს ჩაწერისას არ მუშაობს გაჩერების ღილაკი. იმისათვის, რომ პრობლემის ამსახველი ვიდეო ჩაწეროთ, საჭიროა დაელოდოთ ჩაწერის მაქსიმალური დროს (5 წუთი), რის შედეგადაც ფაილი ავტომატურად დაერთვება თქვენ მიერ გაგზავნილ შენიშვნას უკუკავშირის ფორმაში.
შენიშვნა: შეგახსენებთ, რომ Windows-ის წინასწარი შეფასების პროგრამის (Windows Insider) ფარგლებში გამოსული ანაწყობები განკუთვნილია ტესტირებისთვის და შესაძლოა შეიცავდეს ბევრ არასტაბილურობას. გთხოვთ სისტემის სატესტო ანაწყობები არ დააყენოთ თქვენს პირად და სამუშაო კომპიუტერებზე. ტესტირების პროცესში არ დაგავიწყდეთ სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა.