ფედერალურმა მოსამართლემ, პარასკევს, ფეისბუქს 650 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სოციალურ ქსელს ამ თანხის გადახდა კონფიდენციალურობის რეგულაციის დარღვევის გამო, ილინოისის 1.6 მილიონი მოქალაქისთვის მოუწევს.
ჩიკაგოს ადვოკატმა ჯეი ედელსონმა, Facebook-ს კუკის ოლქის საოლქო სასამართლოში ჯერ კიდევ 2015 წელს უჩივლა. მან უდიდეს სოციალურ ქსელს ბრალი დასდო პლატფორმის მიერ სახის ამომცნობი ფუნქციის გამოყენებაში, რაც ილინოისის ბიომეტრიული ინფორმაციის კონფიდენციალურობის კანონის შესაბამისად დაუშვებელია. სარჩელში ნათქვამია, რომ Facebook-ის Tag Suggestions ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლების ფოტოებში სახეების სკანირებას ახდენს და გვთავაზობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, ინახავდა ბიომეტრიულ მონაცემებს მომხმარებლების თანხმობის გარეშე, რაც ილინოისის კანონს ეწინააღმდეგება.
საქმის განხილვა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს კი Facebook-მა სახის ამოცნობის ეს ფუნქცია ნებაყოფლობითი გახადა.
კალიფორნიის ჩრდილოეთ რაიონის მოსამართლე, ჯეიმს დონატოს გადაწყვეტილებით, სამი მოსარჩელედან თითოეული 5000 აშშ დოლარს მიიღებს, ხოლო სხვები მინიმუმ 345 დოლარს. დონატოს თქმით, ციფრული კონფიდენციალურობის მიმართულებით, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მომხმარებლებისთვის.
”მოხარული ვართ, რომ ამ საკითხის გადასალახავად მივაღწიეთ შეთანხმებას, რაც ჩვენი საზოგადოების და ჩვენი აქციონერების ინტერესებში შედის”, — ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.
“ეს დიდი მიღწევაა”, — განუცხადა ედელსონმა გამოცემა Chicago Tribune-ს. აღნიშნული განცხადება მკაფიო გზავნილია, რომ ილინოისში, ბიომეტრიული კონფიდენციალურობის უფლებები დაცულია.