Facebook-ის ცნობით, სოციალურ ქსელში 400-მდე დეველოპერის „ათობით ათასი“ აპლიკაციის მუშაობა უკვე შეჩერებულია. აღნიშნული გადაწყვეტილება Cambridge Analytica-ს გავლით პირადი მონაცემების გაჟონვის ფაქტის გამოძიების ფარგლებში იქნა მიღებული.
გარდა შეჩერებული აპლიკაციებისა, Facebook-ი ზოგ შემთხვევებში სასამართლოს მიმართავს. კომპანიის ცნობით, ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა აპლიკაციები სმარტფონში მავნე კოდს უშვებდნენ.
ამ მომენტისთვის კომპანიამ 1 მილიონამდე აპლიკაცია გადაამოწმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Facebook-ი ისტორიულ სკანდალში გაეხვა. სოც.ქსელის 87 მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მე-3 მხარეს, ამ შემთხვევაში კომპანია Cambridge Analytica-ს გადაეცა, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას.
ბრიტანულ კომპანიას ბრალად პოლიტიკური კლიენტების სასარგებლოდ პირადი მონაცემების არასანქცირებული გამოყენება დაედო.