გასული წლის მაისში Facebook-მა სოციალური ქსელის ინტერფეისის მასშტაბური ცვლილებები დააანონსა. განახლებული ინტერფეისის ტესტირებამ Facebook-ის ვებ-ვერსიაზეც გადაინაცვლა.
სოც.ქსელის ვებ-ვერსია დიდწილად მობილური აპლიკაციის ელემენტებს იმეორებს. მასში გაქრა ჩვეული ლურჯი ზედა პანელი. ლურჯი ფერი ამიერიდან მხოლოდ ლოგოტიპსა და აქცენტებში დარჩა. ცვლილებები სოც.ქსელის ლოგოსაც შეეხო— ახალ ინტერფეისში ის მრგვალი გახდა.
საერთო ჯამში ახალი დიზაინი მეტად მინიმალისტური და ლაკონური გახდა. დეველოპერებმა მას მარტივად — The New Facebook უწოდეს. მასში სამომავლოდ ე.წ „მუქი რეჟიმის“ დამატებაც იგეგმება.
ახალი ინტერფეისი მომხმარებლების ვიწრო აუდიტორიისთვის არის ხელმისაწვდომი და მისი ტესტირების შემოთავაზებას შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მომხმარებლები მიიღებენ.
თანხმობის შემდეგ ტესტირების პროცესში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი კომენტარები, შენიშვნები და იდეები Facebook-ის დეველოპერებს გაუზიარონ.
ახალი დიზაინი ყველა მომხმარებლისთვის გაზაფხულზე გახდება ხელმისაწვდომი.