იმის შემდეგ, რაც Facebook-მა Instagram და WhatsApp-ი შეიძინა, კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ არ ჩაერეოდა შვილობილი კომპანიების მუშაობაში და მათ ავტონომიური განვითარების საშუალებას მისცემდა.
თუმცა დროთა განმავლობაში Facebook-ის ზეწოლა Instagram-სა და WhatsApp-ზე მხოლოდ გაძლიერდა. გასულ წელს უთანხმოების გამო Instagram-ი მისმა დამფუძნებელმა დატოვა. მსგავსად მოიქცნენ WhatsApp-ის დამფუძნებლებიც.
რამდენიმე თვის წინ კი მარკ ცუკერბერგმა დადებული პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია და WhatsApp-ის, Instagram-ისა და Facebook Messenger-ის გაერთიანება დააანონსა. მოგვიანებით კომპანიამ განმარტა, რომ სამივე სერვისი ცალ-ცალკე აპლიკაციებად განაგრძობენ მუშაობას, თუმცა მუშაობის ინფრასტრუქტურა ამის შემდეგ ერთიანი გახდება. ცვლილებები ძალაში 2019 წლის ბოლოს ან 2020-ის დასაწყისში შევა.
Facebook-ში ცვლილებების მორიგი ტალღა დაანონსდა და ამჯერად „სიახლე“ WhatsApp-ისა და Instagram-ის სახელებს შეეხება. აღნიშნული ცვლილების შედეგად მომხმარებლისთვის უკვე გასაგები იქნება თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის სერვისი.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად სერვისების ახალი სახელები „Instagram from Facebook“ და „WhatsApp from Facebook“ იქნება.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უდიდესი სოც.ქსელის მენეჯერების ეს გადაწყვეტილებები, რომლებიც WhatsApp-ისა და Instagram-ის Facebook-თან შერწყმას ემსახურება, მომხმარებლებში მხოლოდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. Facebook-ის პირად მონაცემებთან დაკავშირებული სკანდალების შემდეგ სულ უფრო ნაკლებ ადამიანს უჩნდება სურვილი ასოცირდებოდეს აღნიშნულ ბრენდთან.
ამის გათვალისწინებით მარკ ცუკერბერგი ყველანაირად ცდილობს აღნიშნული ლაქის ჩამორეცხვას. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ მარკის ბოლოდროინდელი განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ მისი კომპანია ძალიან დიდ დროს უთმობს უსაფრთხოებასა და მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვას.
მარკ ცუკერბერგი
უსაფრთხოებაზე გათვლილი ჩვენი ბიუჯეტი კომპანიის შემოსავალს აღემატება …ეს ყოველივე არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ წარმატებული ბიზნესის შექმნა შევძელით… ჩვენ უსაფრთხოებაში ნებისმიერ სხვა სოც.ქსელზე მეტ ინვესტიციას ვდებთ.