Facebook-მა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით Whale გამოუშვა, რომელიც ორიგინალური მიმების შექმნაში დაგეხმარებათ.
Whale ჯერ-ჯერობით წარმოდგენილია მხოლოდ iOS მოწყობილობებისთვის, ხოლო მისი გადმოწერა ამ ეტაპზე მხოლოდ კანადის ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
ასეთი სახის აპლიკაციები მრავლადაა App Store-ში, თუმცა აქ ყურადღებას იქცევს აპლიკაციის გამომქვეყნებელი NPE Team-ი.
NPE Team-ის უკან იმალება Facebook-ის ექსპერიმენტალური პროდუქტების განყოფილება, რომელიც პირველად გასული წლის დასაწყისში გამოჩნდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ სხვა ბრენდის გამოყენება ამ შემთხვევაში განპირობებულია პროდუქტების სწრაფი ცვლილებით, რაც მათი დახურვის ალბათობასაც ზრდის. კომპანიის თქმით ასეთ დროს უკმაყოფილო მომხმარებლები Facebook-ს აღარ დაადანაშაულებენ.
კანადის App Store-ში აპლიკაციების იგივე გამომქვეყნებელს ეკუთვნის შემდეგი ექსპერიმენტალური აპლიკაციები: AUX— თანაკლასელებთან საერთო მუსიკალური დასაკრავი სიის შექმნისთვის განკუთვნილი აპლიკაცია და Bump — უცნობ ადამიანთან პირისპირ საუბრის შესაძლებლობის მქონე აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაციები გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ი ფონურ რეჟიმში თქვენს ვიდეოთვალს იყენებს. ახორციელებს თუ არა კამერა მომხმარებლის ქმედებების ჩაწერას — უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ სოც.ქსელი გიყურებთ.