შვედური სტარტაპის, Dsruptive Subdermals-ის ხელმძღვანელმა, ჰანეს სიობლადმა, რომელმაც COVID-19-ის აცრის სტატუსის ამსახველი კანქვეშა ჩიპი შექმნა, ამ ტექნოლოგიის მომავალს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, ამ ჩიპების გამოყენებამ მასშტაბური ხასიათი უნდა შეიძინოს. ჰანესმა ამის შესახებ, ბრიტანულ გამოცემა Express-თან ისაუბრა.
Dsruptive Subdermals-მა 2×16 მმ ზომის მიკროჩიპები შექმნა და მათი გამოყენება უკვე შესაძლებელია ევროკავშირში. ჩიპის სკანირებისას გამოჩნდება მოქალაქის PDF დოკუმენტი, აცრის დამადასტურებელი ინფორმაციით ან ტესტირების შედეგით. იმპლანტის ღირებულება 100 ევროს შეადგენს.
პროექტმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა და სოც.ქსელებში კრიტიკის დიდი ტალღა გამოიწვია. მომხმარებლებს კატეგორიულად არ მოსწონთ ინვაზიური მეთოდი, რომელიც შემოთავაზებულია სტარტაპის მიერ.
“ეს ტექნოლოგია არსებობს და გამოიყენება, გვინდა ეს თუ არა. მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი ფართო განხილვის საგნად იქცა. ახალი ტექნოლოგიები განხილვასა და შეფასებას საჭიროებს. ჭკვიანი იმპლანტები მძლავრი მექანიზმია ჯანმრთელობისთვის. ეს არის, რასაც ვქმნით DSruptive-ში და ჩვენი მიზანია შევცვალოთ გლობალური ჯანდაცვის სისტემა“, — აცხადებს ჰანეს სიობლადი.
ჰანესის განმარტებით, ჩიპში არსებული ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მაგალითად, თქვენ შეგეძლებათ დაასკანიროთ ნებისმიერი ადამიანის ჩიპი და გაიგოთ მისი აცრის სტატუსი. შემქმნელების თქმით, იმპლანტების დანიშნულება არ და ვერ იქნება ვინმეს კონტროლი ან ადგილმდებარეობის დადგენა — ჩიპი მხოლოდ სკანირებისას აქტიურდება.
“ჩიპს არ აქვს ელ.კვების წყარო. მათ არ შეუძლიათ სიგნალის დამოუკიდებლად გადაცემა. ისინი, ძირითადად პასიურ მდგომარეობაში არიან“, — აღნიშნავს Dsruptive Subdermals-ის ხელმძღვანელი.