თუ აქამდე უცნაური იყო iOS 13-ის რელიზიდან 11 დღეში პირველი მინორული განახლება 13.1-ის გამოშვება, Apple-ის ბოლო გადაწყვეტილება უფრო გაგაკვირვებთ. კომპანია iOS 13.1/ iPad 13.1-ს მთელი 6 დღით ადრე გამოუშვებს. ამჯერად iOS 13-ის პირველი განახლება 30 სექტემბრის ნაცვლად 24 სეტქემბერს გამოვა.
iOS 13 გუშინ ყველა თავსებადმა მოწყობილობამ მიიღო, თუმცა ონლაინ გამოცემების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ iOS 13 დღის სინათლეს უამრავი ხარვეზით შეხვდა, რაც iOS 12-ის საკმაოდ სტაბილური რელიზის შემდეგ საკმაოდ უჩვეულოა. ვარაუდობენ, რომ 13.1-ის გამოსვლის თარიღის გადმოწევა ზუსტად აღნიშნული ხარვეზების გამო მოხდა. გარდა ამისა, 13.1 დახურავს უსაფრთხოების ხვრელს, რომლის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ბლოკირების ეკრანის გვერდის ავლით კონტაქტების სიასთან წვდომის მიღება.
თუ ხარვეზების და შეცდომების არ გეშინიათ, მაშინ მოწყობილობის განახლება iOS-ის მე-13 ვერსიამდე უკვე შეგიძლიათ. კრიტიკული და შემაწუხებელი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაბრუნდეთ iOS 12-ზე და დაელოდოთ 13.1-ს, რომელიც 5 დღეში გამოვა.