კომპანია Apple-ი ყირიმთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ სადავო ტერიტორიების აღნიშვნის პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ გადავხედავთ იმ პრინციპებს, რითაც ვხელმძღვანელობთ სადავო საზღვრების დადგენისას კომპანიის სერვისებში და შესაძლოა მომავალში გარკვეულ ცვლილებებსაც შევიტანთ“ — Apple-ის პრესმდივანი, ტრუდი მიულერი.
Apple გეოგრაფიული აღნიშვნისას საერთაშორისო სამართლითა და იმ ქვეყნის ხელისუფლების კანონმდებლობით ხელმძღვანელობს, რომელშიც წარმოდგენილია კომპანიის პროდუქტები.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა რამდენიმე დღის წინ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის რუსეთის ტერიტორიის ნაწილად გამოაცხადა, რასაც რუსეთის ფედერაციის ახალი კანონი მოითხოვდა.