ზუსტად ოთხ წელიწადში, წყალში ჩაეშვება უნიკალური გემი, რომლის ბორტზე დიდ სფეროს დაინახავთ. გემის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძრავი ბირთვულ საწვავზე იმუშავებს. გემი, სახელად Earth 300 ერთგვარი მცურავი ლაბორატორია იქნება, რომელზეც მეცნიერები, სილიკონის ველის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ოკეანეში კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ.
სუპერგემის პროექტი დიზაინერულმა საერთაშორისო სტუდია Iddes Yachts-მა წარმოადგინა. გემის სიგრძე 300 მეტრს შეადგენს, რაც ცნობილი ტიტანიკის სიგრძეს 31 მეტრით აჭარბებს.
Earth 300-ის ბორტზე 22 ლაბორატორიის განთავსება იგეგმება, რომლებიც აღჭურვილი იქნება უახლესი დანადგარებით, მათ შორის, რობოტექნიკით. გემზე ერთდროულად იქნება 160 მეცნიერი, 20 რეზიდენტი, 20 სტუდენტი, 40 VIP-სტუმარი და ეკიპაჟის 165 წევრი. გემის ყველაზე საინტერესო ნაწილს კი მისი სფეროსებრი კონსტრუქცია წარმოადგენს. ამ სფეროში ლაბორატორიების განთავსდება იგეგმება. მეცნიერების განკარგულებაში წყალქვეშა ნავებიც იქნება, რაც მათ ღრმაწყლოვანი ექსპედიციების ჩატარებაში დაეხმარება.
სფეროსებრი კონსტრუქციის გარდა, გემზე განთავსდება ხედვის წერტილი, საიდანაც მკვლევრები, შესვენების დროს სიმაღლიდან გაშლილი ხედებით დატკბებიან. გემის წინა მხარეს ვერტმფრენის დასაშვები მოედანი მოეწყობა.
სუპერგემი კრუზისის, საექსპედიციო გემისა და კომფორტული ლაინერის ფუნქციებს შეითავსებს. Earth 300 აღჭურვილი იქნება მდნარი მარილის რეაქტორით, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი არ დააბინძურებს გარემოს.
მდნარი მარილის რეაქტორი (MSR) — ეს არის რეაქტორი, რომელიც ერთდროულად საწვავის და გაგრილების სითხის სახით თორიუმს იყენებს. თორიუმი წარმოადგენს სუსტი რადიაციის მქონე ქიმიურ ელემენტს, რომლის უდიდესი მარაგები ინდოეთის ტერიტორიაზეა. გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ სანაოსნო ინდუსტრიაში გამონაბოლქვის 50%-ით შემცირება 2008 წლიდან 2050 წლამდე პერიოდში მოითხოვა. ამ მოცემულობით, მდნარი მარილის რეაქტორი (MSR) შესაძლოა იქცეს ტექნოლოგიად, რომელიც “მეორე ატომურ ერას დაუდებს სათავეს, როცა კლიმატის ცვლილება უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და დაბალფასიანი ენერგეტიკული გადაწყვეტების გამოჩენას შეუწყობს ხელს”, — აცხადებს კომპანია Core Power, რომელიც ბილ გეიტსთან ერთად ახალი თაობის ბირთვული ძრავების შექმნაზე მუშაობს.
წყარო: Daily Mail