დღეში 6 ჭიქაზე მეტი ყავის მიღებამ, შესაძლოა, ისეთი მძიმე დაავადებების რისკის ქვეშ დაგაყენოთ, როგორიცაა დემენცია და ინსულტი.
დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემთა ბაზაში 17,702 მოხალისის სამედიცინო ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, აღმოაჩინა განსაცვიფრებელი კორელაცია დიდი ოდენობით ყავის დალევასა (დღეში შვიდი ან მეტი ჭიქა) და მათი დემენციის რისკის 53%-ით გაზრდას შორის.
საუბარი არ არის მხოლოდ დემენციაზე. კვლევა, რომელიც გუნდმა გასულ თვეს გამოაქვეყნა ჟურნალ Nutritional Neuroscience-ში, ასევე, აჩვენებს კავშირს ყავის დალევასა და თავის ტვინში ფიზიკური ცვლილებების გავრცელებასა და სხვა ნევროლოგიურ დაავადებებს შორის. – ეს არის შოკისმომგვრელი სიახლე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელის სხვა მხარეს გვაჩვენებს.
”ყველა შესაძლო ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ თანმიმდევრულად აღმოვაჩინეთ, რომ ყავის მოხმარება მნიშვნელოვნად ასოცირდება ტვინის მოცულობის შემცირებასთან”
განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა კიტი ფამმა.
”არსებითად, დღეში ექვსზე მეტი ჭიქა ყავის დალევამ, შეიძლება ხელი შეუწყოს თავის ტვინის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დემენცია და ინსულტი.”
კიტი ფამი
როგორც ჩანს, ღვინოსა და შოკოლადთან ერთად, ყავაც იმ უსასრულო კვლევებშია ჩარჩენილი, რომლებიც მუდმივად ცდილობს დაადგინოს, ესა თუ ის პროდუქტი უფრო მეტად სასარგებლოა თუ საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ფაქტია, რომ ნუტრიციოლოგიური კვლევა უკიდურესად რთულია. ამიტომაცაა, რომ მსგავსი კვლევები სხვადასხვა მიმართულებით მიდის და განსხვავებული შედეგებით სრულდება, მაგრამ ამ ახალი კვლევის უზარმაზარი მასშტაბი, მას დამატებით სანდოობას ანიჭებს.
მკვლევრები დაზუსტებით ვერ ამბობენ, თუ რატომ არის დაკავშირებული დიდი ოდენობით ყავის დალევა ინსულტის ან დემენციის რისკთან, თუმცა გვირჩევენ, რომ შევამცირეოთ დღიური დოზა.
”დღიური დოზა სადღაც ერთიდან ორ სტანდარტულ ჭიქას შორისაა”
აცხადებს კვლევის უფროსი ავტორი ელინა ჰიპენენი.
” რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჭიქის ზომები განსხვავდებოდეს, დღეში რამდენიმე ჭიქა ყავა ზოგადად კარგია. თუმცა, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ყავის მოხმარება დღეში ექვსზე მეტ ჭიქას ითვლის, დროა დოზებს გადახედოთ. ”
ელინა ჰიპენენი
წყარო: Futurism