ქართული ჭკვიანი ბეჭდის შემქმნელი სტარტაპი, cnick 2016 წელს დაფუძნდა. ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებლებმა, გიორგი კვიციანმა, კობა ცერცვაძემ და გიორგი მიქაცაძემ შექმნეს ეკო-მეგობრული, ჭკვიანი ბეჭედი, რომლის დამზადებისას გამოიყენება ისეთი მასალები, როგორებიცაა ხე და ცირკონის კერამიკა. სტარტაპის წარმატების გზა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ჩატარებული 100 000 ლარიანი საგრანტო კონკურსში გამარჯვებით დაიწყო, რის შემდეგაც, კნიკი, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა.
cnick-ის უკონტაქტო თვისება, საშუალებას გვაძლევს მასში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩავწეროთ, იქნება ეს, ბილეთი, გასაღები, ბარათი თუ უბრალოდ საკონტაქტო ინფორმაცია. ბეჭედს ასევე არ სჭირდება დამუხტვა, ვინაიდან მას არანაირი ბატარეა არ აქვს.
ქრონოლოგია
2019 წელს, ქართული ბეჭდით შესაძლებელი გახდა Tesla-ს ავტომობილის, კერძოდ 3, Y, X და S მოდელების ჩაკეტვა, გაღება და დაქოქვა. Tesla-ს ავტომობილების გასაღების ეს ფორმა, კნიკის თქმით, ერთადერთია, ხელმისაწვდომ სხვა მსგავს გადაწყვეტებს შორის. 2020 წლიდან ქართული სტარტაპი გლობალურ ბაზარზეც გავიდა და 2022 წლამდე, პროდუქტი უკვე 20-მდე ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ Mastercard-ის მიერ პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ, cnick-მა ავტორიზაცია VISA-სგან მიიღო.
რას ნიშნავს ეს?
ამიერიდან, cnick-ს EMV ( Europay + MasterCard + VISA) ჩიპის მქონე საბანკო ბარათების ოპერაციების საერთაშორისო სტანდარტით მუშაობის უფლება აქვს. აღნიშნული სტანდარტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მაღალი უსაფრთხოების მქონე საბანკო ტრანზაქციებია, რაც “Offline” გადახდებზეც ვრცელდება. ქართული ბეჭდის გამოყენება გადახდებისთვის უკვე შეუძლია ევროკავშირის 400 მილიონ მოქალაქეს.