პანდემიამ ადამიანების ყოველდღიური ქცევა ყველა მიმართულებით, მათ შორის სწავლის ნაწილშიც შეცვალა. სასწავლო დაწესებულებების უმეტესობა ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული, ხოლო სასურველი კურსების გავლა ზოგს შექმნილი ფინანსური სირთულეების გამო შეეზღუდათ.
გაიცანით პირველი ქართული ბოტი, რომელიც ვიზუალური თხრობის ინდუსტრიაში სწავლების სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის. ბოტი, ნინო ჭელიძის მიერ დაწყებული ფოტო ჰაბის პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
იდეა 4 წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ ვითარდება, თუმცა პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა, რადგან ადამიანების ქცევა, საჭიროებები და ემოციური სურვილები და შესაბამისად მათი დაკმაყოფილების გზები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
“მაღალ მთაში მოგზაურობის შემდეგ, მოზარდებში არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა შევამჩნიე, ხოლო ფასიანი თუ უფასო ტრენინგ ცენტრები ძირითადად თბილისა და დიდ ქალაქებში ვხვდებით. ასევე, ჩემი დაკვირვებით, სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში მაცხოვრებელი მოზარდებისთვის სმარტფონები უფრო ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე კომპიუტერები”, — გვიყვება ნინო.
მეორე მიზეზი, რის გამოც ნინო ამ საქმეს შეეჭიდა იყო პირადი ღირებულებები და გამოცდილება, — “ვფიქრობ, რომ ის, რაც უფასოდ იძებნება გუგლში, უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ამაში სტუდენტმა ფული არ უნდა გადაიხადოს— ყველაზე ღირებული, რისი მიღება ლექტორისგან არის შესაძლებელი პირადი გამოცდილებაა”.
პროექტის ავტორმა ამ პროექტით ორი საკითხის მოგვარება გადაწყვიტა — უფასო განათლების მისაღებად, რეგიონების საზღვრები და დროის შეზღუდული რესურსი. ეს ყველაფერი ყველა ტიპის, მათ შორის ბიუჯეტურ სმარტფონებზე უნდა გამხდარიყო ხელმისაწვდომი.
ბოტი ფეისბუქის მესენჯერშია ხელმისაწვდომი და იგი საკმაოდ ინტერაქტიული სახალისო და ძალიან საინტერესოა. ვიზუალური ინფორმაციის მრავალფეროვნება კი ბოტთან ერთად ფოტოგრაფიის შესწავლას უფრო საინტერესოს ხდის.
ბოტის სრულყოფის გზაზე, იგი სპეციალურ ფოკუს ჯგუფებში გაიტესტა — საპილოტე ვერსიის გაშვებამდე, ორი თვის განმავლობაში ბოტის ავტორი, ადამიანის ბოტთან ინტერაქციისას, მის ქცევას სწავლობდა. შედეგად, ბოტმა ბევრი გაუმჯობესება მიიღო — ტექსტი და მისი წყობა, გრაფიკული და ვიზუალური მასალა. ახლა კი, სულ რაღაც 20 წუთში, კურსის გავლის მსურველი ითვისებს მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ფოტოგრაფიის შესახებ.
“მესმის, რომ საქართველოში ონლაინ განათლებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ჭარბობს, მითუმეტეს, როცა საქმე ფოტოგრაფიის დისტანციურ სწავლებას ეხება. კი, პროექტი გარკვეულ რისკებს უკავშირდება. მე 2006 წელს ვისწავლე, მაშინ, როცა ბევრს არ ჰქონდა სახლში კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა. ხოლო, როგორც კი ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა, ძალიან მომეწონა და მივხვდი, რომ მომავალში ზუსტად ინტერნეტი იქნებოდა პირველ რიგში არაფორმალური განათლების მიღების ერთ-ერთი ფორმა”, — აცხადებს ნინო.
ბოტის ავტორის თქმით, იგი შექმნილია პირველ რიგში გაბედული, ინოვაციების მოყვარული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის.
ფოტო ბოტი სწავლის გარდა სტუდენტებს გამოცდასაც უტარებს. სრული კურსი ამ ახალ ბოტთან უკვე 67-მა ადამიანმა გაიარა, რომელთა ნაწილიც რეგიონებში ცხოვრობს. ნინოს თქმით, ეს მის მოლოდინს გადააჭარბა, რადგან სოციალური ინოვაციისადმი ინტერესი, დღეს საკმაოდ დაბალია.
სამომავლოდ ბოტს სწავლების მეორე საფეხურიც დაემატება, რომელიც უფრო ტექნიკურ საკითხებს მოიცავს და პირველ საფეხურთან შედარებით, უფრო რთულიც იქნება.
ამჟამად, სტუდენტებს მხოლოდ 1 დავალების შესრულება უწევთ, მეორე საფეხურზე კი ეს დავალებები უფრო გართულდება და მეტად მრავალფეროვანი გახდება.