ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესმა სოციალურმა ქსელმა The Wall Street Journal-ში, The New York Times-ში და The Washington Post-ში რამდენიმე გვერდიანი განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც ცუკერბერგის კომპანია მწვავედ აკრიტიკებს ეფლის კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებებს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ასეთი სახით ეფლი დიდ ზიანს მიაყენებს მცირე ბიზნესს და „ინტერნეტს, როგორსაც ჩვენ მას დღეს ვიცნობთ, სრულად გაანადგურებს“.
ფეისბუქის ბოლოდროინდელი მწვავე განცხადებები ეფლის მისამართით მრავალწლიანი დაპირისპირების შედეგია და მოვლენების ასეთი განვითარება მოსალოდნელიც კი იყო.
ფეისბუქის წარმატების კონცეფცია
“სწრაფად იმოძრავე და ყველაფერი გაანადგურე. თუ ვერაფერს ანადგურებ, არ ხარ საკმარისად სწრაფი”, — მარკ ცუკერბერგი
“სწრაფი მოძრაობა და ყველაფრის განადგურება” წლების განმავლობაში ფეისბუქის თითქმის ოფიციალური სლოგანი იყო. ამ სლოგანით ხელმძღვანელობდნენ კომპანიის დიზაინერები და მენეჯერები.
ფეისბუქი ნამდვილად სწრაფად მოძრაობდა და ვითარდებოდა, რამაც, დიახ, ბევრი რამ გაანადგურა.
სოციალურმა ქსელმა გაანადგურა მომხმარებლების ნდობა ფეისბუქისადმი. ყველას გვესმის, რომ „უფასო“ სოციალური ქსელი მომხმარებელს ჩვეულებრივ პროდუქტად აქცევდა.
პერსონალიზირებული ინფორმაცია, კავშირები, მომხმარებლებისთვის საინტერესო კონტენტი — ეს ის მონაცემებია, რაც სოციალურ ქსელს სჭირდება რეკლამის გაყიდვისთვის.
ამის გააზრებასთან ერთად მრავალმა მომხმარებელმა წამოიწყო კამპანია, რომლის მთავარი მოწოდება ფეისბუქის წაშლას გულისხმობდა. თუმცა ეს ფეისბუქს ეს არანაირად არ უშლის ხელს, რადგან სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება და ეს რიცხვები ნამდვილად შთამბეჭდავია. კომპანიამ მიყოლებით რამდენიმე სკანდალს გაუძლო და მილიარდობით მომხმარებელმა უცვლელ რეჟიმში გააგრძელა ქსელის გამოყენება.
ფეისბუქისთვის პრობლემური გახდა ეფლის კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილება ერთი მარტივი მიზეზის გამო — ეფლი აპირებს მოუყვეს მომხმარებლებს თუ რა ინფორმაციას იყენებს სოციალური ქსელი ფეისბუქით სარგებლობის სანაცვლოდ. ის ფაქტი, რომ ფეისბუქი რადიკალურად უპირისპირდება ეფლს, ცხადჰყოფს, რომ ცუკერბერგი აცნობიერებს იმ დარტყმის ძალას, რომელსაც მისი ბიზნესი მიიღებს ამ ცვლილების შედეგად.
შეუქმნის თუ არა საფრთხეს ეს ცვლილება ინტერნეტის თავისუფლებას, როგორც ამას მარკ ცუკერბერგი ამბობს?
ფეისბუქის მტკიცებით, ეს ცვლილება ინტერნეტში მრავალ უფასო და ხელმისაწვდომ საინტერესო კონტენტს გაანადგურებს, რადგან თითოეულ მათგანს ერთგვარი სააბონენტო გადასახადის გადახდა მოუწევს.
სინამდვილეში კი კონტენტის უფასო მოდელი დღეს პოპულარობას მკვეთრად კარგავს. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ მრავალი ინტერნეტ გამოცემა უკვე გადავიდა ბიზნესის კეთების ახალ მოდელზე, იქნება ეს გამოწერა, პროდუქციის გაყიდვა თუ სხვა.
აქედან გამომდინარე, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ფეისბუქი ამით არამხოლოდ ეფლს, არამედ მომავალსაც ებრძვის.
ნაცვლად იმისა, რომ ფეისბუქს დაეწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგოს ახალ რეალობას, კომპანია ხარჯავს საკუთარ ძვირფას დროსა და რესურს იმაზე, რომ შეცვალოს ეფლის კონფიდენციალობის პოლიტიკა — რაც წყლის ნაყვას გავს და დიდი ალბათობით ფეისბუქისთვის უშედეგოდ დასრულდება.
მოკლედ, ფეისბუქი საკუთარ, ცალკე რეალობაშია და ჯიუტად არ სურს ამის დათმობა.
ცუკერბერგს კარგად ესმის, რომ მისივე წარმოთქმული ფრაზა, მისსავე საწინააღმდეგოდ მუშაობს და სწრაფი მოძრაობისას ის ყველაფერთან ერთად, საკუთარ ბიზნესსაც ვნებს.
შენიშვნა: სტატიაში გამოქთმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს Technoid.ge-ის პოზიციას.
წყარო: Inc