უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს მრავალი სანქცია და შეზღუდვა დაუწესდა და ქვეყანა, პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში მოექცა. სანქციები შეეხო აგრესორი ქვეყნის ისეთ დარგებს, როგორებიცაა ბიზნესი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვიზები და სხვა. რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს ტექნოლოგიური კომპანიებიც უერთდებიან.
Technoid-მა ყველა ტექნოლოგიური სანქცია ერთ სტატიად გააერთიანა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ამ სტატიის წერის პროცესში ოკუპანტ სახელმწიფოს ახალი სანქციები დაუწესდეს, რაც მომდევნო სიახლეებში იქნება მიმოხილული.
თვითმფრინავები და ელექტრონიკა ევროპიდან და აშშ-დან
რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მე-2 დღეს, 25 თებერვალს, ევროსაბჭომ სანქციების მეორე პაკეტი დაამტკიცა. ამჯერად, ენერგეტიკული სექტორის გარდა, სანქციები პერსონალურად ვლადიმერ პუტინსა და ლავროვსაც შეეხო.
ამავე პაკეტში მოყვა ტრანსპორტიც. დასავლეთი რუსეთს თვითმფრინავებს და მის ნაწილებს აღარ მიაწვდის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული საჰაერო ტრანსპორტის 3/4 ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაში იწყობა. ევროკავშირმა რუსეთში ელექტრონული და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მიწოდებაც აკრძალა, თუმცა ეს არ ეხება პერსონალურ მოწყობილობებს.
ამერიკულმა ავიაკომპანია Delta Air Lines, Inc (DAL.N)-მა განაცხადა, რომ იგი წყვეტს თანამშრომლობას რუსულ “აეროფლოტთან”.
ელექტრონიკა აშშ-დან და ტაივანიდან
აშშ-ს სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედმა ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ, რომელიც ქვეყანაში საექსპორტო კონტროლს ახორციელებს, 25 თებერვალს წარმოადგინა იმ ტექნოლოგიური პროდუქციის სია, რომლის რუსეთში გატანა აიკრძალება. შეზღუდვები 3 მარტიდან ამოქმედდება. სიაში მოხვედრილია სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობები, კომპიუტერები, ავიაკოსმოსური დარგისთვის საჭირო კომპონენტები.
ისეთი სამომხმარებლო ტექნიკის ექსპორტი, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერი, სმარტფონი და სხვა — დაშვებულია, თუმცა მხოლოდ რიგითი მოქალაქეებისთვის. სამომხმარებლო ტექნიკაზე შეზღუდვა ვრცელდება რუსეთის სამთავრობო პირებზე, პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და მთავარ რედაქტორებზე.
27 თებერვალს, რუსეთში საკუთარი ნაწარმის შეტანა შეწყვიტეს პროცესორების უმსხვილესმა მწარმოებლებმა, Intel-მა და AMD-მ.
მიქროსქემების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ უკვე შეაჩერა რუსეთში საკუთარი პროდუქციის შეტანა. აღნიშნულ კომპანიას აქვს მონიტორინგისა და აკრძალული რეალიზაციის დაბლოკვის სისტემა, რომელსაც თავის დროზე Huawei-ს მიმართებაშიც იყენებდნენ.
რუსეთში ჩიპების მიწოდებას ასევე წყვეტს ტაივანური მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანია TSMC, რომელიც მსოფლიოში მიკროჩიპების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება. კომპანია აწარმოებს ჩიპებს AMD, Qualcomm, Mediatek-ისთვის და გრაფიკულ ჩიპებს Nvidia-სთვის. TSMC-მ შეწყვიტა ნახევარგამტარების წარმოება, რომლებიც რუსეთის დაკვეთით მზადდებოდა და ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყო სახელწოდებით “ელბრუს”.
აღსანიშნავია, რომ რუსული სამხედრო და უშიშროების უწყებები, საკუთარი პროგრამებისთვის ზუსტად “ელბრუსის” ნახევარგამტარებს იყენებდნენ. ექსპერტების შეფასებით, TSMC-ს ექსპორტის შეწყვეტას რუსეთისთვის დამანგრეველი ეფექტის გამოწვევა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჩიპების გამოყენებით მზადდებოდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატები, რამდენიმე ტიპის სარაკეტო დანადგარები და სხვა.
ცნობილია, რომ რუსეთში საკუთარი ტექნიკის გაყიდვები შეზღუდა Dell-მაც.
ტექნოლოგიური კომპანიების შეზღუდვები
Meta-მ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო პროპაგანდისტული გვერდებისა და ანგარიშებისგან უკრაინელი მომხმარებლების დასაცავად. უკრაინიდან და რიგი დასავლური ქვეყნებიდან, მიუწვდომელია ისეთი გვერდები, როგორებიცაა Sputnik, RT და სხვები.
Twitter-მა კი, 26 თებერვლიდან რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს ახალი ანგარიშის რეგისტრაცია აუკრძალა.
რუსეთის ბაზრის რეაქცია
რუსული გამოცემების ცნობით, რუსეთში ელექტრონიკაზე ფასების ზრდა უკვე დაწყებულია. ონლაინ მაღაზიები 10-30%-ით ფასების ზრდას პროგნოზირებენ, თუმცა ეს პროგნოზი უკვე რეალობად იქცა და ფასების ზრდა გრძელდება.