უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავალი წარმოუდგენლად მაღალ ნიშნულს აღწევს — წერს Financial Times. გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკა პანდემიისგან მიყენებული დარტყმისგან აღდგენას იწყებს, რაც ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლების შესახებ საკუთარი ანგარიში Apple-მა, Microsoft-მა და Alphabet-მა სამშაბათს გამოაქვეყნეს. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მოთხოვნა ციფრულ მომსახურებასა და გაჯეტებზე ზრდას განაგრძობს, რის შედეგადაც, ტექნოლოგიურ კომპანიებს ეკონომიკის აღდგენაში დიდი როლი ერგოთ. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური და ციფრული ბიზნესი COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მწვავე ფაზაშიც კი საკუთარი მდგრადობით გამოირჩეოდა.
სამი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, გასულ კვარტალში, გადასახადების გადახდის შემდეგ, ყოველკვირეულად, შემოსავლის სახით $5 მილიარდამდე იღებდა. ჯამურმა მოგებამ კი $56.8 მილიარდს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ მეტია და 30%-ით მეტი, ვიდრე უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ.
AllianceBernstein-ის აქტივების პორტფელის მმართველი, ჯიმ ტირნი ამ ციფრებს “განმაცვიფრებელს” უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში შეძენილი “ციფრული ჩვევები” მომავალშიც არ დაკარგავს აქტუალობას.
როგორც მაიკროსოფტის გენერალური დირექტორი, სატია ნადელა აღნიშნავს, კომპანიის მაღალი მაჩვენებლები იმის ნათელი მაგალითია, რომ ტექნოლოგიებზე გაზრდილი ხარჯები ტენდენციად იქცა, რასაც ტექნოლოგიური კომპანიების ზრდა და შემოსავლის ახალი რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს.