რუსი ჩინოვნიკების განცხადებით ქვეყანაში რამდენიმე ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც რუსეთის გლობალური ქსელიდან გათიშვა უკვე შესაძლებელია.
ტესტირება რამდენიმე დღე გაგრძელდა და მასში მონაწილეობა რამდენიმე ინტერნეტ-პროვაიდერმა და სატელეკომუნიკაციო კომპანიამ მიიღო.
ტესტების ხანგრძლივი სერია რუსული ინტერნეტის გამართული მუშაობის გადამოწმების მიზნით ჩატარდა. ქვეყნის მთავრობა ტესტის ტექნიკურ დეტალებს არ ასაჯაროებს.
ტესტების შედეგად 23 დეკემბერს რუსეთის აეროპორტებში ინტერნეტ-კავრიშის მასობრივი შეფერხება დაფიქსირდა, რამაც რამდენიმე რუსული ავიაკომპანიის მუშაობა სრულად გააჩერა. მუშაობა შეწყვიტა მგზავრებისა და ბარგის რეგისტრაციის, ასევე ბილეთების დაჯავშნის და შეძენის სისტემებმა.
26 დეკემბერს ტესტების „წარმატებული განხორციელების“ შესახებ განცხადება რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ „სუვერენული ინტერნეტის“ კანონს ვლადიმერ პუტინმა ხელი 2019 წლის 1 მაისს მოაწერა. კანონპროექტის ავტორების განცხადებით ახალი კანონი მთავრობამ „აშშ-ს 2018 წლის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის აგრესიული ხასიათიდან გამომდინარე“ მიიღეს.
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ საკუთარ განცხადებაში გმობს „სუვერენული რუნეტის“ კანონს და რუსეთის ხელისუფლებას ქსელის ინფრასტრუქტურაზე ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს, რაც კრემლს არასასურველი ციფრული ინფორმაციის გადასაფარად სჭირდება.