რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიკიპედიის მისი რუსული ანალოგით ჩანაცვლებას ითხოვს.
ექპსერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი პროექტი ქვეყანას სულ მცირე $26 მილიონი დაუჯდება.
„ვიკიპედიასთან დაკავშირებით, ამაზე უკვე ვისაუბრეთ…სჯობს იგი „დიდი რუსული ახალი ენციკლოპედიით“ ჩავანაცვლოთ. ის იქნება ყველაზე სანდო და თანამედროვე რესურსი“— აცხადებს პუტინი.
რუსული „ვიკიმედიის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით ვიკიპედიაში დაგროვილი ცოდნა გაცილებით დიდი და მრავალფეროვანია, ვიდრე „დიდი რუსული ენციკლოპედია“.
ვიკიპედიის ჩანაცვლების განხილვა რუსეთში 2016 წლიდან მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020-2022 წლებში უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან დუმამ რუსეთში ინტერნეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონპროექტის, ე.წ „სუვერენული რუნეტის“ ძირითადი ნაწილი მიიღო.
დოკუმენტი ინტერნეტ-პროვაიდერებს „როსკომნადზორის“ მიერ მათთვის გადაცემული ტექნიკის დაყენებას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით „როსკომნადზორს“ რუსეთში ინტერნეტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქსელის ცენტრალიზებული მართვის ბერკეტი ექნება.
აღნიშნული ბერკეტი უწყებას რუსეთის გლობალური ქსელიდან გათიშვის შესაძლებლობას აძლევს. ძირითად დროს „როსკომნადზორი“ აკრძალული ვებ-რესურსების დაბლოკვით იქნება დაკავებული.
ცენზურა შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულად ან ნაწილობრივ გავრცელდეს, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძირითადად რუსული ინტერნეტ-პროვაიდერები ან მათი შვილობილი კომპანიები ოპერირებენ.