მეცნიერებმა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა — AlphaFold შექმნეს, რომელიც მედიცინისთვის, შესაძლოა რევოლუციური აღმოჩნდეს.
ხელოვნურმა ინტელექტმა, ადამიანის ორგანიზმის მიერ შექმნილი, პრაქტიკულად ყველა ცილის სტრუქტურა წინასწარ გამოიცნო. პროტეინი (ცილები) ნებისმიერი ცოცხალი არსების საკვანძო ‘სამშენებლო მასალას’ წარმოადგენს. ცილები, თავისმხრივ კი ამინომჟავებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ფორმის ჯაჭვებად ერთიანდება — ზუსტად ეს განსაზღვრავს ამა თუ იმ ‘ბლოკის’ როლს ორგანიზმში. ამ სტრუქტურების ლოგიკის ზედმიწევნითი ცოდნა კი ფარმაცევტებს საშუალებას მისცემს შექმნან მაღალეფექტიანი სამკურნალო პრეპარატები, მიაგნონ მკურნალობის ახალ მეთოდებს, აღმოაჩინონ პლასტმასის დამშლელი ფერმენტები და მრავალი სხვა.
DeepMind-ის მიერ შექმნილი AlphaFold-ის გამოყენებით, მოლეკულარული ბიოლოგიის ევროპის ლაბორატორიის მკვლევრება, ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიერ შექმნილი 350 ათასი ცილოვანი სტრუქტურის პროგნოზირება მოახერხებს. ადამიანური ცილების შექმნის მექანიზმი გენომებში, ანუ დნმ-შია დაშიფრული. თითო გენომი დაახლოებით 20 000-მდე ცილას მოიცავს, ხოლო ამ გენომების სრულ ნაკრებს მეცნიერები პროთეომას უწოდებენ.
AlphaFold-ის მიერ ნაჩვენები ცილოვანი სტრუქტურები გვხვდება როგორც პროთეომებში, ისე ე.წ საცდელ ორგანიზმებში, რომლებსაც სამეცნიერო კვლევებისთვის იყენებენ (მაგ. ნაწლავის ჩხირი, საფუარი, ბუზები, თაგვები). ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის პროთეომაში ამინომჟავების ფორმების 58% ზუსტად იწინასწარმეტყველა. აქედან, საკვლევი მასალის 35,7%-ში ამინომჟავების სტრუქტურა 2-ჯერ უფრო ზუსტად იყო ნაწინასწარმეტყვლები, ვიდრე ამ ექსპერიმენტამდე.
“მიგვაჩნია, რომ ჩვენ მივიღეთ ადამიანის პროთეომის ყველაზე ზუსტი და სრული სურათი. აღნიშნული ექსპერიმენტი ნათლად გვაჩვენებს, თუ რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს ხელოვნურმა ინტელექტმა კაცობრიობას“, — აცხადებს DeepMind-ის დირექტორი, დემის ჰასსაბისი.
ცილების სტრუქტურის კვლევის ტრადიციულ მეთოდებს წარმოადგენს კრისტალოგრაფია და კრიოგენული ელექტრონული მიკროსკოპია. ბიოლოგი ჯონ მაკგიჰანის თქმით, აღნიშნული მეთოდები კოლოსალურ ფინანსებს, დროსა და სხვა რესურსებს საჭიროებს.
ექსპერიმენტულად, დღეს ზუსტად ვიცნობთ პროთეომის მხოლოდ 17%-ს. ერთი სტრუქტურის დასადასტურებლად, მეცნიერები დაახლოებით ნახევარ წელიწადს კარგავენ მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი ამ ამოცანას რამდენიმე წუთში უმკლავდება.
წყარო: BBC