დღეს, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან გვხვდება სტარტაპები, რომლებიც მარკეტზე ახალი შემოსულია ან ზოგი უკვე რამდენიმე წელია, რაც არსებობს. ალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს გარკვეული წარმოდგენა, თუ რა არის სტარტაპი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ხშირად ეს შეხედულებები მცდარია.
სტარტაპი არ არის შენს სარდაფში გაკეთებული ჩურჩხელები, რომლის სტენდი ტურისტულ ადგილზე გიდგას. არც კოსმეტიკა, რომელიც მცენარეებისაგან გააკეთე და სოციალური ქსელის საშუალებით ქალაქის მასშტაბით ყიდი. მეწარმე, რომელიც ქვევრის ღვინოს ასხამს და ადებს ბრენდს —,, ბიძას ქვევრი’’ და მარკეტებში ჰყიდის, არც ეგ არის სტარტაპი. არც ხელნაკეთი ტყავის ჩანთა, რომელიც მოხატეს ქართული წარწერებით და გასაყიდად გამოიტანეს, არც ეგაა სტარტაპი. მოკლედ, სტარტაპი არ არის მცირე ბიზნესი, რომელსაც არ აქვს დიდ მარკეტზე გასვლის ამბიცია, კმაყოფილია ადგილობრივი პოპულარიზაციით და სტაბილური შემოსავლით. სტარტაპი არ არის გარანტირებული წარმატება, ზუსტი ბიზნეს მოდელი, რომელიც მარტო მოგებაზეა ორიენტირებული. მისი მთავარი ამოცანაა კონრეტული პრობლემის გადაჭრა ინოვაციური გზებით და მისი დიდ მარკეტზე გატანა.
სტარტაპი არის მეამბოხეების, წესების დამრღვევებისა და არატრადიციული მოაზროვნეების უდიდესი ჯგუფი, რომლებიც დაგარწმუნებენ იმაში, რომ შეგიძლიათ შექმნათ რაიმე უნიკალური და შეძრათ მთელი მსოფლიო. სტარტაპი არ არის დიდი ბიუროკრატიის მქონე კომპანია, ის არ შედგება 100-ზე მეტი თანამშრომლისგან. ტრადიციული ბიზნესისაგან განსხვავებით, სტარტაპი იზრდება სწარაფად, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ შექმნილი ისეთი რამ, რაც გაიყიდება საერთაშორისო მარკეტზე. მაგალითად, ,,Airbnb’’ დასაწყისში არსებობდა , როგორც სწრაფად მზარდი სტარტაპი, თუმცა მისი ეს ფაზა დასრულდა, როდესაც სტარტაპის პროდუქცია საერთაშორისო მარკეტზე გაიყიდა და დიდ წარმატებას მიაღწია.
სტარტაპი არ არის უბრალო ბიზნესს იდეა. იგი წარმოადგენს დამფუძნებლის ოცნების განხორციელებას — მოგზაურობას კონცეფციიდან რეალობამდე, როდესაც შეგიძლია აიღო რაღაც, რაც მხოლოდ ოცნებაა და ის აქციო რეალობად, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სტარტაპი არის თანამედროვე გამომგონებლის ვერსია, რომელიც ხედავს რაღაც პრობლემას და შემდგომ ცდილობს მის გადაჭრას კრეატიული გზით.
მინდა გითხრათ, რომ სტარტაპის საწყის ეტაპზე ანაზღაურება მთავარი არაა და ეს შემდგომ დამოკიდებული იქნება პროექტის წარმატებაზე. ამის თქმის შემდეგ, ალბათ გიჩნდებათ კითხვა — მაშინ რატომ შევუერთდე სტარტაპს? ერთი სიტყვით, რომ გითხრათ — ,,ჯერ მიჰყევით ხედვას და არა ფულს, რადგან ბოლოს ფული თავად გამოგყვებათ’’. ყველაფერი იდეით იწყება და დანარჩენი უკვე თქვენს კრეატიულობაზე და ჯგუფზეა დამოკიდებული, რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში დადოთ საუკეთესო შედეგი. ბევრმა შეიძლება ეს დიდ რისკად აღიქვათ, მაგრამ სტარტაპში მუშაობას თავისი დადებითი მხარეები გააჩნია:
- უნიკალური გარემო: კრეატიულობა და ინოვაცია ზრდის ბიზნესს, ამიტომ მასტიმულირებელი სამუშაო გარემო გადამწყვეტია. სტარტაპებმა იციან როგორ შექმნან ხელსაყრელი სამუშაო ადგილები. ამისათვის ოფისებს ისე აწყობენ, სადაც შეიძლება დერეფნებში სკეიტბორდით გადაადგილდე ან განიტვირთო გასართობ ოთახში. აინაზღაურო დახარჯული ენერგია ,,სნექ ბარში’’ და კოლეგებთან ერთად განაგრძო ,,ბრეინშტორმინგი’’ ფერად პუფებში.
- ანვითარებ შენს შესაძლებლობებს: როდესაც სტარტაპს უერთდები, არ იფიქრო, რომ მხოლოდ თქვენთვის განკუთვილ ამოცანაზე უნდა იზრუნოთ. სტარტაპის ყველა წევრი სრულად ხართ ჩართულები პროექტში და ბევრ საკითხს თუ პრობლემას ერთად აგვარებთ. შესაბამისად უნარები ყველა მიმართულებით გივითარდებათ, რაც სტარტაპში და მის გარეთაც აუცილებლად გამოგადგებათ.
- თანამშრომლები მუშაობენ ბოსის გარეშე: სტარტაპში, პასუხისმგებელი პირი არ არის ბოსი, მისი კლასიკური გაგებით. აქ ყველანი გუნდის თანაბარი წევრი ხართ. თანამშრომლები და დამფუძნებელი აქტიურად არიან ჩართული სამუშაო პროცესში.
- თქვენ შეგიძლიათ იყოთ კრეატიულები: სტარტაპში არის ესეთი წესი- ,,Your task your execution’’. აქ თქვენ გაგაჩნიათ სრული თავსუფლება, შესაბამისად თქვენი ამოცანა ამოხსენით ისე, როგორც გსურთ. იყავით კრეატიულები, ინოვაციურები და გამბედავები. თქვენი მონდომება და იდეები აქ მუდამ ფასდება.
სტარტაპში ასეთი თავისუფლება, ასევე ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას. აქ გამოცდით თქვენ შესაძლებლობებს, მოგიწევთ საკუთარი ძალებით მრავალი დაბრკოლების გადალახვა და სირთულეების დაძლევა. მაგრამ როცა ენთუზიაზმით და იდეებით სავსე კრეატიული გუნდი, შეუდგებით კომპანიის ნულიდან აგებას, დაამყარებთ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან, მოიზიდავთ ინვესტორებს და დაიწყებთ თქვენი ოცნების რეალიზებას, ეს უდიდეს სიამაყის გრძნობას მოგგვრით. თქვენ გახდებით მნიშველოვანი მოვლენის ნაწილი და ამავდროულად, უნიკალურ გამოცდილებასაც მიიღებთ.
სტატიის და სტარტაპ კატეგორიის წარმდგენია Startup Georgia.